05.12.2011
ხობის ყოფილი რაიკომის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 13 ოჯახი, კორპუსში არსებული უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობების გამო, ფოთის ახალ რაიონში ჩასახლებას ითხოვს. ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილებმა, წერილობით მიმართეს ლტოლვილთა რეგიონულ სამმართველოს და სამინისტროს, რაზეც მათივე ცნობით, დადებითი პასუხი მიიღეს. „16 აგვისტოს მიღებული შეტყობინების თანახმად, ჩვენ ახალ რაიონში უნდა ჩავესახლებინეთ, თუმცა ამ დრომდე, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით ჭიანურდება ეს პროცესი. გაგვაგებინონ, გვასახლებენ თუ გვტოვებენ. დავიღალეთ ერთი უწყებიდან მეორეში გადამისამართებით“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი კარლო აბშილავა. თავის მხრივ, ხობში, ლტოლვილთა სამმართველოს უფროსი, შორენა ძაძამია ამბობს, რომ „მას შემდეგ, რაც გამგეობას ყოფილი რაიკომის შენობა სამსახურების განსათავსებლად დასჭირდა, ლტოლვილთა სამინისტროს წერილობით შეატყობინეს დევნილები სხვა საცხოვრებელში, რომ გადაეყვანათ. „სამწუხაროდ, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ხობში რეაბილიტირებულ შენობებში შესახლებაზე. ისინი ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებას ითხოვდნენ. შეთანხმება სამინისტროსთან შედგა. სამწუხაროდ, მაშინ დროულად ვერ მოხერხდა. ამ დღეებში მათი გაყვანა მოხდება“, ამბობს შორენა ძაძამია.