31.05.2012

„ოქროკუდას“ სახეობის მატლმა ხობში ნარგავები გაანადგურა

ხობის მუნიციპალიტეტში სპეციალისტების მიერ დადგენილი „ოქროკუდას“ სახეობის მატლის საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დღეიდან დაიწყო. მატლი  მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მაისის თვეში გავრცელდა და სპეციალისტების დასკვნით 300-მდე სახეობის მცენარეს ანადგურებს და ადამიანის კანს აზიანებს. „ლაივპრესის“ ხობელი კორესპონდენტის ცნობით, მატლებმა, რომლებიც ტყის მასივებიდან გამოვიდნენ და კიდევ უფრო მომრავლდნენ სოფლებში, ამ დრომდე უამრავი ნარგავი გაანადგურეს. ეკონომიკის სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას 400 ლიტრი თხევადი პრეპარატი გადასცა, რომელიც მატლის გავრცელების კერებში მცხოვრებ ოჯხებს, თითოს 30 გრამის ოდენობით გადაეცემა, შეწამვლაზე კი მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს. ამასთან, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ამ დღეებში ყულევიდან დაიწყებს მცენარეების თერმულ შეწამვლას, რადგან ეს სოფელი მატლის გავრცელების კერაა.

25.05.2012

ხობში მამუკა ქარდავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის უფროსის, მამუკა ქარდავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ხობის რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობის წინ. „ლაივპრესის“ კორესპონდენტი ხობიდან იუწყება, რომ აქციის მონაწილებს უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით - „ პოლიცია უნდა იცავდეს კანონს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს!“ და „ზომბირების დრო დასრულდა“. აქციას შეუერთდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ხობის ორგანიზაციის წევრებიც. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ელოდებიან. ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას 20 მაისს, ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ. კოალიციის წევრების ინფორმაციით, ოფისიდან სახლში მიმავალ მამუკა ქარდავას ოთხი უცნობი ადამიანი სოფელ ნოჯიხევში, რკინიგზის გადასასვლელთან დახვდა, მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელკეტებით სცემეს. კოალიციის წევრები ცემის ფაქტს მამუკა ქარდავას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მამუკა ქარდავამ ფიზიკური ზიანი ავტოავარიის შედეგად მიიღო.




ხობში აქციის მონაწილეებთან ირაკლი ალასანია მივიდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის უფროსის, მამუკა ქარდავას მხარდამჭერ აქციას, რომელიც ხობის რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარეობდა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანიაც შეუერთდა. მისი განცხადებით, მამუკა ქარდავა პოლიტიკური პოზიციის გამო „დაისაჯა“. აქციის მონაწილეებს ირაკლი ალასანიამ უთხრა, რომ „ახალაიების კლანს ფაქტის გამოძიება არ სურს, მაგრამ მათ უკვე დააუწყეს საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მომხდარის შესახებ და საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ“. მისივე თქმით, სამართალი უნდა აღსდგეს და დამნაშავეები დაუყოვნებლივ დაისაჯონ. ირაკლი ალასანია ამ განცხადების შემდეგ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. მამუკა ქარდავას მხარდამჭერი აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

22.05.2012

მამუკა ქარდავას საქმეზე გამოძიებას ითხოვენ საია და „სამართლიანი არჩევნები“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] და „სამართლიანი არჩევნები“ გამოეხმაურნენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, 20 მაისს უცნობი პირების მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავას ცემის შესახებ. განცხადების ავტორი ორგანიზაციები მომხდარის ობიექტურ, სრულ და დროულ გამოძიებას ითხოვენ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ინცინდენტამდე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, 18 მაისს, მამუკა ქარდავას მიმართ, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობას ხვდებოდა ხობის გამგეობის თანამშრომლის ვლადიმერ ჭითანავას მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ქარდავამ არასამთავრობო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმები მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მამუკა ქარდავას ჩვენება საკმარისი სამხილია იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს სათანადო შეფასება და ძიებით დადგინდნენ ქარდავაზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების ჩამდენი პირები. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ასევე, „უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს მომხდართან დაკავშირებით.

"ღია დემოკრატიის კომიტეტი" მამუკა ქარდავაზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

ამერიკული ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტი," რომლის წარმომადგენლები საქართველოში საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან, კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე 20 მაისს მომხდარი თავდასხმის გამოძიებას ითხოვს. კომიტეტის განცხადებით, მამუკა ქარდავამ ორგანიზაციის დამკვირვებლებს რონ კიჩსა და დანილო სპოლსკის უამბო, რომ ოთხმა უცნობმა პირმა ავტომანქანიდან ძალით გადაიყვანა, ხელკეტებით სცემა და ”ქართულ ოცნებაში” აქტივობის გაგრძელების შემთხვევაში ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. "მსგავსი ფაქტები საქართველოში არჩევნების დროს ადრეც მომხდარა, მაგრამ ინციდენტების არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე დაწყება ამძაფრებს ჩვენ შეშფოთებას, პოლიტიკური პარტიების დაშინების შესაძლო გაძლიერების გამო", - განაცხადა ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ რონ კიჩმა. "ღია დემოკრატიის კომიტეტი" როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დამნაშავებმა პასუხი კანონის წინაშე აგონ. "საქართველომ უნდა განაგრძოს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სამართლიანი და თავასუფალი საპარლამენტო არჩევნები", - ნათქვამია ამერიკული ორგანიზაციის განცხადებაში.

21.05.2012

მამუკა ქარდავას ადვოკატი გამოძიების დაწყებას ითხოვს



21.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის უფროსი მამუკა ქარდავა დღეს ადვოკატთან ერთად დაკითხეს. გურამ ყუფუნიას განცხადებით, 20 მაისს, მას შემდეგ რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაზარალებულმა პოლიციას მომხდარის შესახებ უწყებით მიმართა. ადვოკატის თქმით, „საქმის გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით. დაზარალებული კი ვარაუდობს, რომ გუშინდელი ინცინდენტი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ამიტომ გამოძიებამ უნდა იმუშაოს ქარდავასთვის ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენებისა და პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლის მიმართულებებით“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, მამუკა ქარდავამ ჯანმრთელობის დაზიანებები ავტოავარიის შედეგად მიიღო. თავის მხრივ, კოალიციის ხობის შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას შეიარაღებილი პირები დაესხნენ თავს და ხელკეტებით სცემეს.


შსს: მამუკა ქარდავამ ფიზიკური ზიანი ავტოავარიის შედეგად მიიღო [Video]


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავასთან დაკავშირებით, რომელსაც "ლაივპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 20 მაისს 02 საათსა და 30 წუთზე ქ. ხობში პატრულირებისას ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე რკინიგზის გადასასვლელზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას. დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც, რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, ინსპექტორ-გამომძიებელმა აღნიშნულის შესახებ 02 საათსა და 37 წუთზე შეატყობინა ხობის რაიონულ სამმართველოს. აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან ადგილი ჰქონდა მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას. მამუკა ქარდავას განემარტა, რომ მოხდებოდა ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ალკოტესტით შემოწმება და იგი შემოწმებულ იქნა  ალკოტესტით-NST-E 05139, რომელმაც დაადასტურა ალკოჰოლის მიღება. დამატებითი ანალიზებისათვის მასალები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. რადგან მამუკა ქარდავას აწუხებდა ტკივილები, ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა,  რომლის მერაც მამუკა ქარდავა გადაყვანილ იქნა ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გაეწია პირველადი დახმარება და გაწერილ იქნა საცხოვრებელ სახლში. ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა.

20 მაისს, შუადღისას, მამუკა ქარდავამ გააკეთა განცხადება, რომ მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა. ამ განცხადების შემდეგ, პოლიციამ ქარდავას უწყება გაუგზავნა და  მისი დაკითხვა მოითხოვა. ქარდავა ამ ეტაპამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით დაკითხვაზე უარს აცხადებს. პოლიცია კონსულტაციას გადის მის მკურნალ ექიმებთან და ექიმების თანხმობის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოახდენს მის დაკითხვას. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ბენიძემ „ლაივპრესს“ გუშინ განუცხადა, რომ მამუკა ქარდავა თავს ცუდად გრძნობს და შემთხვევის შესახებ თავად მოგვიყვა. მისი ინფორმაციით, ოფისიდან სახლში მიმავალ კოალიციის ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სოფელ ნოჯიხევთან, რკინიგზის გადასასვლელთან თავს დაესხა ოთხი შეიარაღებული უცნობი პიროვნება. მათ მამუკა ქარდავა მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელკეტებით სცემეს. დაზიანდა ავტომანქანაც. კახა ბენიძის თქმით თავდამსხმელები ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს უყვიროდნენ:“ აღარ მოეშვები ამ საქმეს, აუცილებლად უნდა მოგკლათო?“. კოალიციის ერთ-ერთი წევრის თქმით, არც ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა მამუკა ქარდავამ ისინი ვერ იცნო. კახა ბენიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ისინი ამ დღეებში თბილისიდან ელოდებიან კოალიციის წარმომადგენლებს და მომხდარის შესახებ საგანგებო პრეს-კონფერენციას სწორედ მათი ჩამოსვლის შემდეგ გამართავენ.

video

20.05.2012

მამუკა ქარდავა
წუხელ, გვიან ღამით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, კახა ბენიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მამუკა ქარდავა თავს ცუდად გრძნობს და ამ მიზეზით თავად ვერ საუბრობს მომხდარზე. კახა ბენიძის ინფორმაციით, ოფისიდან სახლში მიმავალ მამუკა ქარდავას ოთხი უცნობი ადამიანი დაესხა თავს სოფელ ნოჯიხევში, რკინიგზის გადასასვლელთან, მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელკეტებით სცემეს. დაზიანებულია ავტომანქანაც. კახა ბენიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ თავდამსხმელები ცემისას მამუკა ქარდავას უყვიროდნენ: "აღარ მოეშვები ამ საქმეს, აუცილებლად უნდა მოგკლათო?“, - ამბობს კახა ბენიძე. მისივე ცნობით, არც ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა ისინი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ვერ იცნო. კახა ბენიძის თქმით, თბილისიდან ამ დღეებში კოალიციის წარმომადგენლებს ელოდებიან და საგანგებო პრეს-კონფერენციასაც მომხდარის შესახებ მათი ჩამოსვლის შემდეგ გამართავენ.
VIDEO




17.05.2012

ხობის მოსახლეობასთან ირაკლი ალასანიას შეხვედრას ხმაური მოჰყვა

 [Video] 17.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ესაუბრა. შეხვედრაზე მყოფმა სოფლის მკვიდრმა ირაკლი ალასანიას ჰკითხა, თუ რის საფუძველზე გაავრცელა მან ინფორმაცია ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობასთან  დაკავშირებით. ალასანიამ უპასუხა, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა ცნობებს, რომლის გასაჯაროების შემდეგ ეს ფორმირებები დაშალეს, თუმცა შეკითხვის ავტორმა ალასანიას განუცხადა, რომ ფორმირებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. რის შემდეგაც კოალიციის ლიდერის მომხრეები მას დაუპირისპირდნენ და „შემოგზავნილი“ უწოდეს. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 27 მაისს თბილისიდან დაიწყებს. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში ჩავლენ და თავიანთ პროგრამას გააცნობენ მოსახლეობას.

15.05.2012

ხობის მუნიციპალიტეტში მატლის უცნობი სახეობა გავრცელდა

ხობის მუნიციპალიტეტში მატლის ახალი სახეობა გავრცელდა, რომელიც ხე-მცენარეებს ანადგურებს და ადამიანის კანს აზიანებს. გამგეობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი, ბესიკ ნაჭყებია აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, სადაც უთხრეს, რომ უახლოეს დღეებში პრევენციულ ზომებს მიმართავენ მატლის აღსაკვეთად. მისივე განცხადებით, მწერის სახეობას თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ადგენენ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა



15.05.2012
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, საქმის წარმოების და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებაში ფუნქციონალური ცვლილებები მოხდა. ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსად შოთა სირაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა. ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას ჯენეტ ბერაია უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ადვოკატად მუშაობდა. 

10.05.2012

ქარდავა: სოფლის რწმუნებულები ზეწოლას ახდენენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე


10.05.2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ „ლაივპრესს“ აცნობა, რომ მას აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნოდ სოფლის რწმუნებულების მხრიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზეწოლის შესახებ. „რწმუნებულები თავიანთ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალებს არ მისცემენ ხმას, სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ“, - ამბობს ქარდავა. თავის მხრივ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ წულაია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელს ურჩევს კონკრეტული ფაქტებით ისაუბაროს. მისივე თქმით, „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის სარეიტონგო ქულების მინიჭება პოლიტიკური შეხედულებებით არ ხდება“. იმის გასარკვევად, თუ რამდენი ადამიანი იღებს ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებას „ლაივპრესის“ კორესპოდენტმა ხობში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ბადრი ჭითაშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

08.05.2012

ხობის ბაზრის მოვაჭრეები ხანძრისგან განადგურებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ


ხობის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რომლებსაც გასაყიდი საქონელი ორი თვის წინ, შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ, ამ დრომდე ადმინისტრაციისგან დახმარებას ელოდებიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის მეპატრონე ლადო თათარაშვილი არ დაინტერესებულა მათი მდგომარეობით. ადმინისტრაციამ მათ მხოლოდ ადგილები გამოუყო სავაჭროდ, მაგრამ საქონლის საყიდი საშუალება არ აქვთ. ხობის აგრარული ბაზრის მეპატრონე ლადო თათარაშვილმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მოვაჭრეებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მათ 6 ან 8 საათზე, მუშაობის დასრულებისთანავე საქონელი უნდა აელაგებინათ, რადგან არ იყო გათვალისწინებული, ბაზარს მთელი ღამის განმავლობაში ემუშავა, შესაბამისად, მეპატრონის ცნობით, იგი ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მოვაჭრეების ნივთებზე. ლადო თათარაშვილის თქმით, ხანძარი დაუდევრობის მიზეზით გაჩნდა, რადგან დირექციის აკრძალვის მიუხედავად მოვაჭრეები „რაღაცებს“ რთავდნენ. მათ დროებით იქვე სამუშაო ადგილები მისცა და ორი თვის გადასახადისგანაც გაათავისუფლა. მისივე ინფორმაციით, დღეს მოვაჭრეებმა დაცვა დაიქირავეს საკუთარი სახსრებით. ლადო თათარაშვილი ამბობს, რომ ბუღალტრული აღწერის მიხედვით, ბაზარში მომუშავე ადამიანების ზარალი მიზერული იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ისინი შესაძლოა გაცილებით დიდი ოდენობის ღირებულების საქონელზე საუბრობენ. შეგახსენებთ, ხობის აგრარულ ბაზარში, მარტის თვეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის 50 კვ.მ. ფართი. სავარაუდოდ ცეცხლი დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია, თუმცა შესაბამისი კომისია ხანძრის მიზეზებს ამ დრომდე სწავლობს.