14.12.2012

ხობის გამგებლის მოვალეობას კახა ბენიძე შეასრულებს


ხობის მინიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას კახა ბენიძე შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ხობის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს, 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„ეს დიდი პასუხისმგებლობაა. არ იქნება ეს მარტივი საქმე. შემოვიკრებ პროფესიონალებს, გამოვიყენებ ადგილობრივ რესურს და იმედია ყველაფერი გამომივა“, – განაცხადა კახა ბენიძემ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ცვლილებები იქნება, მაგრამ არა მასშტაბური.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კახა ბენიძე 1974 წლის 9 აგვისტოს ხობში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადსხვა თანამდებობეზე ხობში.

ხობის ყოფილი გამგებელის, გოგა ღურწკაიას განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ 7 დეკემბერს დააკმაყოფილა იმავე დღეს ხმათა უმრავლესობით არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა ქარდავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით. ამავე კანონის, მეორე პუნქტის თანახმად, გამგებლის კანდიდატურა კონკურსის წესით ირჩევა. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.