სტატიები


ახალ სოფელს ისევ ძველი პრობლემები აწუხებს

მაია ძაგანია


    ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, სოფლის სტატუსი მიენიჭა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის შავღელეს უბანს. ამ ტერიტორიაზე 1987 წლიდან აჭარის მაღალმთიანეთიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ჩაასახლეს, რომელთა რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 140 ოჯახია. სოფლამდე მისასვლელი გზა, ფოთის შესასვლელთან, ე.წ მეშვიდე კილომეტრიდან იწყება და შავღელემდე მივყავართ. გზა მდინარე რიონს მიუყვება. „ამჯერად, გზა უფრო კარგი გვაქვს ვიდრე ადრე, მაგრამ მაინც ცუდ მდგომარეობაშია, არადა წინა არჩევნებზე ყველა ჩინოვნიკი გვპირდებოდა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვექნებოდა“-გვეუბნებიან ადგილობრივები. 
სოფელს, ამ დროისთვის მხოლოდ სტატუსი აქვს, სამაგიეროდ არ აქვს არც ადმინისტრაციული შენობა, არც ბაგა-ბაღი და არც ამბულატორია. სამედიცინო დახმარებას შავღელელებს, მათივე თანასოფლელი მედდა უწევს. სოფლის რწმუნებულსაც არ გააჩნია საჭირო ნაგებობა და კაბინეტი სახლში აქვს გამართული. 
     სოფელში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ახალ სოფელს სასმელი წყლის პრობლემაც აქვს და მოსახლეობა ორ კილომეტრს გადის წყლის მოსატანად. აღნიშნული პრობლემის მალე მოგვარებას იმედოვნებს სოფლის გამგებელი თამაზ კილაძე. როგორც აღვნიშნეთ, სოფელში ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმება. 45-მა ოჯახმა ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი სხვა ადგილას მდებარე მიწებზე გადაცვალეს. ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სიტყვიერი მოლაპარაკება არსებობდა იმაზე, რომ კუთვნილი მიწის ნაცვლად 20%-ით მეტი მიწის ფართის მიღების გარდა, 45-ვე ოჯახიდან, თუნდაც ერთი ადამიანი დასაქმდებოდა აეროპორტის მშენებლობაზე. თუმცა, პირობა დღემდე არ შესრულებულა - დასაქმებას შავღელელები დღემდე ელოდებიან. „შრომა ვისაც არ ეზარება, ყველა კარგადაა. არც ღარიბები ვართ და არც მდიდრები. რომ ჩამოვედით, მაშინ არა უშავდა, ციტრუსების მეურნეობა მუშაობდა, გზაც გვქონდა და წყალიც“-გვითხრა მურად ბენიძემ.
    სოფელში საშუალო სკოლა არის. ისე, გასულ წელს მე-12 კლასელთა უმრავლესობამ გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა და ამ წელსაც თუ იგივე შედეგები იქნება, შესაძლოა, საშუალო სკოლა არასრულ სკოლად გადაიქცეს. 
   მოსახლეობას ერთ-ერთ პრობლემად მართლმადიდებლური ეკლესიის არასებობაც მიაჩნია. სოფელში სამი წლის წინ თურქი ბიზნესმენის ფინანსური დახმარებით მეჩეთი აიგო, ჰყავთ მუფტიც. როგორც სოფლის რწმუნებული, ჯამბულ ცეცხლაძე ამბობს, სოფლის მოსახლეობის 30%-მდე მართლმადიდებელია, შესაბამისად მათი რელიგიური უფლებებიც დაცული უნდა იყოს და სოფელში ეკლესია აუცილებლად აშენდეს: .„ვიყავი ფოთში. შევხვდი სასულიერო პირებს და მითხრეს, რომ მათ ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ. სოფელს, რაც საშუალება აქვს, ყველაფერს გაიღებს, ფინანსურსაც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი მუსლიმანი ცხოვრობს. მეც არ ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ, ამას ყველაზე დიდ პრობლემად მივიჩნევ. არაფერს დავზოგავთ, ფიზიკური შრომა ჩვენ არ გვეზარება საქმისთვის, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს ამ საქმეში. ახლო მომავალში სოფლის ადმინისტრაციულ შენობას ავაშენებთ. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ამბულატორიის გახსნაც. ამჟამად სოფელს ექიმი არ ჰყავს, მხოლოდ ექთანია, გვინდა ეს პრობლემაც მოვაგვაროთ. ყველა პრობლემა მოგვარდება თანმიმდევრობით. ბაგა-ბაღი უნდა აშენდეს სოფელში. ამდენი წლის განმავლობაში არ გვქონდა. დაგვპირდნენ, რომ დროებით ფინური სახლი ჩავდგათ და იქ გავხსნათ ბაგა-ბაღი“-გვითხრა სოფლის რწმუნებულმა. 
   ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგა ღურწკაიას თქმით, სოფელ შავღელეს პრობლემები მისთვის ცნობილია და მათ გადაჭრაზე მუშაობს: „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა ფოთის წყალმომარაგების 700-იან ცენტრალურ მაგისტრალზე შავღელეს წყალმომარაგების მილის მიერთება ისე, რომ სასმელი წყლის პრობლემა არ შეექმნას ფოთს. რაც შეეხება გზის მოხრეშვით სამუშაოებს, ამისათვის გარკვეული თანხებია ბიუჯეტში გათვალისწინებული. ადმინისტრაციული შენობის რემონტის რეაბილიტაციაში კი რეგიონული განვითარების ფონდი დაგვეხმარება. იქ არსებული ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება".