09.12.2011

ხობის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად გოგა ღურწკაია დაინიშნა. ხობის საკრებულომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღო. გაგებლის პოსტის დასაკავებლად განცხადება სამ კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი. საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამივე კანდიდატი გოგა ღურწკაია, გიორგი გაწერელია და ვილი პაჭკორია "ღირსეული" იყო, თუმცა მან საკრებულოს წევრებს ერთ-ერთი გოგა ღურწკაია წარუდგინა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული. ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს სხდომას მხოლოდ ერთი ”ფრაქცია ხობი დემოკრატების” თავმჯდომარე ესწრებოდა, თუმცა მან დარბაზი გამგებლის არჩევამდე დატოვა. სხდომაზე ხობის ახლადარჩეულმა გამგებლმა გოგა ღურწკაიამ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის განვითარება. ”ბევრი პროექტი მაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით შემუშავებული. განვითარების საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ვგეგმავ”, განაცხადა გამგებელმა. გოგა ღურწკაია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო-ქართლის რეგიონის მენეჯერის მოადგილედ მუშაობდა. ის ასევე არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატიც. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 28 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსია 25 ნოემბერიდან 7 დეკემბერამდე გამოაცხადა.