20.01.2012

ხობის ორ სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს და სოფელ ხეთაში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას. გოგა ღურწკაიამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. „დევნილთა დასახლებაში ბოძები იყო წაქცეული და საჭირო გახდა მისი შეცვლა. ღამით დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება“. რაც შეეხება სოფელ შავღელეს, გამგებლის თქმით, „აქ ელექტროენერგიის მიწოდება ხვალამდე არ აღდგება“. შეგახსენებთ, დიდთოვლობის გამო ხობში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამო წუხელ 11 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ცნობისთვის: ხობის მუნიციპალიტეტში შიდა გზები და მთავარი მაგისტრალი თოვლისგან გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია.