22.02.2012

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ გამგეობის რამდენიმე სამსახურში კადრები შეცვალა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ლევან სიჭინავა დაინიშნა. იგი მანამდე საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომლის უფროსის მოვალეობასაც დღეიდან ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი, ბაქარ შონია შეასრულებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური შეიქმნა, რომლის უფროსად ანატოლი სიჭინავა დაინიშნა. ის მანამდე ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურების რეორგანიზაცია იანვრიდან მიმდინარეობს. 21 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. მათგან 14 კვლავ დააბრუნეს. გამგებელი გოგა ღურწკაია ამბობს, რომ ”უმუშევრად არც დანარჩენებს დატოვებს, ალტერნატიულ სამუშაოს შესთავაზებს, ან ისევ გამგეობაში დააბრუნებს”. გამგებლის ინფორმაციით, სამსახურების დაკომპლექტება გრძელდება და მიმდინარეობს კადრების შერჩევა.