[Video] 17.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ესაუბრა. შეხვედრაზე მყოფმა სოფლის მკვიდრმა ირაკლი ალასანიას ჰკითხა, თუ რის საფუძველზე გაავრცელა მან ინფორმაცია ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობასთან დაკავშირებით. ალასანიამ უპასუხა, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდა ცნობებს, რომლის გასაჯაროების შემდეგ ეს ფორმირებები დაშალეს, თუმცა შეკითხვის ავტორმა ალასანიას განუცხადა, რომ ფორმირებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. რის შემდეგაც კოალიციის ლიდერის მომხრეები მას დაუპირისპირდნენ და „შემოგზავნილი“ უწოდეს. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 27 მაისს თბილისიდან დაიწყებს. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში ჩავლენ და თავიანთ პროგრამას გააცნობენ მოსახლეობას.