საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავასთან დაკავშირებით, რომელსაც "ლაივპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 20 მაისს 02 საათსა და 30 წუთზე ქ. ხობში პატრულირებისას ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი"-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე რკინიგზის გადასასვლელზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას. დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც, რადგან ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, ინსპექტორ-გამომძიებელმა აღნიშნულის შესახებ 02 საათსა და 37 წუთზე შეატყობინა ხობის რაიონულ სამმართველოს. აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას საქართველოს ს.ს.კ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან ადგილი ჰქონდა მძღოლის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას. მამუკა ქარდავას განემარტა, რომ მოხდებოდა ალკოჰოლური თრობის დადგენის მიზნით ალკოტესტით შემოწმება და იგი შემოწმებულ იქნა ალკოტესტით-NST-E 05139, რომელმაც დაადასტურა ალკოჰოლის მიღება. დამატებითი ანალიზებისათვის მასალები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. რადგან მამუკა ქარდავას აწუხებდა ტკივილები, ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მერაც მამუკა ქარდავა გადაყვანილ იქნა ხობის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გაეწია პირველადი დახმარება და გაწერილ იქნა საცხოვრებელ სახლში. ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა.
20 მაისს, შუადღისას, მამუკა ქარდავამ გააკეთა განცხადება, რომ მას მანქანაში ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა. ამ განცხადების შემდეგ, პოლიციამ ქარდავას უწყება გაუგზავნა და მისი დაკითხვა მოითხოვა. ქარდავა ამ ეტაპამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით დაკითხვაზე უარს აცხადებს. პოლიცია კონსულტაციას გადის მის მკურნალ ექიმებთან და ექიმების თანხმობის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოახდენს მის დაკითხვას. საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ბენიძემ „ლაივპრესს“ გუშინ განუცხადა, რომ მამუკა ქარდავა თავს ცუდად გრძნობს და შემთხვევის შესახებ თავად მოგვიყვა. მისი ინფორმაციით, ოფისიდან სახლში მიმავალ კოალიციის ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სოფელ ნოჯიხევთან, რკინიგზის გადასასვლელთან თავს დაესხა ოთხი შეიარაღებული უცნობი პიროვნება. მათ მამუკა ქარდავა მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელკეტებით სცემეს. დაზიანდა ავტომანქანაც. კახა ბენიძის თქმით თავდამსხმელები ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს უყვიროდნენ:“ აღარ მოეშვები ამ საქმეს, აუცილებლად უნდა მოგკლათო?“. კოალიციის ერთ-ერთი წევრის თქმით, არც ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა მამუკა ქარდავამ ისინი ვერ იცნო. კახა ბენიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ისინი ამ დღეებში თბილისიდან ელოდებიან კოალიციის წარმომადგენლებს და მომხდარის შესახებ საგანგებო პრეს-კონფერენციას სწორედ მათი ჩამოსვლის შემდეგ გამართავენ.
video