21.08.2012

ხობის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას სოფლის მეურნეობასა და მომავალ პროექტებზე ესაუბრა


ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, დღეს სოფელ გურიფულის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ხობში უახლოეს მომავალში განხორციელდება. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ხობში სულ მალე დაიწყება სიმინდის ქარხნის მშენებლობა, სადაც ზეთის წარმოება მოხდება. მისივე თქმით, ამ მშენებლობაზე 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო ქარხანის გახსნის შემდეგ შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი.


"შემოვა შვეიცარული კომპანია და გლეხს სიმინდის რეალიზაციაში აუცილებლად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ხალხი უნდა მოვამზადოთ ამ სამუშაო ადგილებისთვის. ისინი უნდა იყვნენ გადამზადებულები და სერთიფიცირებულები. ხობში სამუშაო ადგილის პრობლემა არ იქმნება" - აცხადებს გოდერძი ბუკია.

თავის მხრივ, გურიფულის მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვა.

ბუკიამ ადგლობრივებს განუმარტა, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 30 ათასი ლარი, ხოლო მომდევნო წელიწად-ნახევარში ხობში ყველა შიდა გზას მოაასფალტებენ.


ასევე, გოდერძი ბუკიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სოფელ პირველ მაისში მშენებარე მონასტრის კურთხევა, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში იგეგმება. მისივე თქმით, ეს იქნება ერთადერთი ადგილი დასავლეთ საქწართველოში, სადაც პატრიარქს რეზიდენცია ექნება.