01.10.2012

ხობში მმართველი პარტია და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს


ხობის  #66 საარჩევნო ოლქში, სადაც 32 უბანია და ამომრჩეველთა რაოდენობა 29 422–ს შეადგენს, 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე მონაწილეობა 18 643–მა მოქალაქემ მიიღო. ამ დროის მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია, რომელმაც 10 165 ხმა მიიღო, რაც 54,53%–ს შეადგენს. ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–მეტი სარგებელი ხალხს“ მაჟორიტარმა, გოდერძი ბუკიამ  10088 ხმა მიიღო. ეს 54,12%–ია.

რაც შეეხება ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“, ხმების რაოდენობა 6604-ით განისაზღვრა. ეს მონაცემი 35,42%–ია. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბუკიამ მიიღო კი  6422 ხმა, რამაც 35% შეადგინა.

დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები „გიორგი თარგამაძე–ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობაზე“, „ლეიბორისტულ პარტიაზე“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „თავისუფალ საქართველოზე“ გადანაწილდა.

ხობის #66 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, მინდია ლომაიას განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა „ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ მიერ, რომელიც #11 და #25  უბნებზე არასაკმარისი რაოდენობის ბიულეტინის ფაქტს შეეხებოდა. მინდია ლომაიამ აღნიშნა, რომ სხვა უბნებზე მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა.