23.11.2012

ქვემო ქვალონის მოსახლეობა სოფლის რწმუნებულის გადადგომას მოითხოვს



23.11.2012
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის მოსახლეობამ, სოფლის რწმუნებულის, ელგუჯა ლაგვილავას გადადგომის მოთხოვნით დღეს, 23 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მკვიდრთა თქმით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან დღემდე ელგუჯა ლაგვილავა სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე იმყოფება. მოსახლეობამ აქციაზე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მათ სხვადასხვა პრობლემების შესახებ არაერთხელ აცნობეს რწმუნებულს, თუმცა ელგუჯა ლაგვილავას ეს მოთხოვნები ყურად არ უღია.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი სოფლის საძოვრებს ორი წელია სიმინდის მოსაყვანად ამუშავებენ, თუმცა რწმუნებულმა მათ განუცხადა, რომ ვერ ისარგებლებენ ამ მიწებით, რადგან ეს ტერიტორია ჰოლანდიელებმა შეიძინეს. სოფლის მკვიდრთა თქმით, ელგუჯა ლაგვილავასგან ამ შინაარსის პასუხი მას შემდეგ მიიღეს, რაც მას მიწების დარეგისტრირების თხოვნის შესახებ აუწყეს.

თავის მხრივ, ელგუჯა ლაგვილავამ , რომელიც აქციაზე იმყოფებოდა განაცხადა, რომ მიწების საკითხი მისი კომპეტენცია არ არის და სამინისტროს პრეროგატივაა.

ქვემო ქვალონის მოსახლეობამ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე უგზოობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით, სოფლის მხოლოდ რამდენიმე უბანში მოიხრეშა გზები. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, სოფლის რწმუნებულმა მოსახლეობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე განუცხადა, რომ სამუშაოები არ ჩატარდება, რადგან აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მომხრეა.  

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათ პროტესტს შედეგი რ მოჰყვება, აქციებს მომავალშიც გამართავენ.