15.11.2012

ყულევის ტერმინალის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს


15.11.2012

ყულევის ტერმინალის 33–მა თანამშრომელმა ტერმინალთან დღეს, 15 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შპს გლობალ „ოილთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმებიან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის სარკინიგზო ნავთობმცლელი ესტაკატა იჯარით გადაეცა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ იძულებით უხდებათ სამთვიანი ახალი ხელშკრულების გაფორმება. შიშობენ, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან თანამშრომლობას აღარ განაგრძობს და უსამსახუროდ დარჩებიან. აქციის მონაწილეებმა ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შენარჩუნება მოითხოვეს. 

მათ ასევე ტერმინალიდან დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება სურთ. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად რამდენიმე მათგანის ძველ პოზიციებზე დაბრუნებისა, დანარჩენების დაბრუნებაც ტერმინალთან შეკრებილების ერთ–ერთი მოთხოვნაა.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერდაძე. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულების თანახმად ტერმინალის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რომლითაც ისინი ძველი შეთანხმების საფუძველზე სარგებლობდნენ. აღნიშნული, მისივე განმარტებით გულისხმობს, რომ თუკი ტერმინალი მუშაობას შეწყვეტდა, თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებდნენ. ილია ვერდაძის თქმით, ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და აქციის მონაწილეების ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

თავის მხრივ, შპს გლობალ „ოილის“ დირექტორმა, გელა ხუნწარიამ განაცხადა, რომ ის თანამშრომლებს უკეთეს პირობებს სთავაზობს. აქციების ინიცირებაში  კი მისი თქმით, ძველი ხელისუფლების ხელი ურევია.

ტერმინალის თანამშრომლებმა კომპნიის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში ამბობენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

შეგახსენებთ, ყულევის ტერმინალის 200–მდე თანამშრომელმა გამაფრთხილებელი აქცია 10 ნოემბერს გამართა. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. მაშინ ტერმინალის თანამშრომლების პარალელურად, სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმაც მოაწყო  საპროტესტო აქცია. მათ ტერმინალზე ადგილობრივების დასაქმება მოითხოვეს.