16.05.2011

ხობში ნავთობსაძიებო სამუშაოებს აწარმოებენ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდსა და შუა ხორგაში ნავთობსაძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ქართულ–ყაზახური კომპანიის „აქსაი– BMS“ მთავარი გეოლოგის როლანდ ზირაქაძის განცხადებით, ყაზახეთიდან ჩამოტანილი სპეციალური ტექნიკით დაფიქსირებული შედეგები ნავთობის არსებობის ვარაუდს იძლევა. კომპანიის გენერალური მდივნის მოადგილის ერლან ბექტემიროვის თქმით, ამ ეტაპზე მიღებული კვლევის შედეგებს ყაზახეთში გააგზავნიან და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ნავთობსაძიებელი ჭაბურღილების გათხრას დაიწყებენ. კომპანია „აქსაი– BMS“ საქართველოში გეოლოგიურ კვლევებს, ნავთობსაძიებო და მოპოვებით სამუშაოებს 25–წლიანი პროგრამის ფარგლებში 2007 წლიდან აწარმოებს. ამჟამად კომპანიას ხობის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ჰყავს 160 ადამიანი, მათ შორის 120 ადგილობრივი მცხოვრები. ქართულ–ყაზახური კომპანია „აქსაი– BMS“ ნავთობსაძიებელ სამუშაოებს 10 ივნისს დაასრულებს.

13.05.2011

ხობში პარლამენტარები ჩავიდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. ვიცესპიკერი და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია სოფელ საჯიჯაოში ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. livepress.ge-ს ხობელი კორესპონდენტი მაია ძაგანია იუწყება, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა, სამედიცინო მომსახურების და განათლების ხელმიუწვდომლობაა. მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას წლის ბოლომდე ხუთი ტრაქტორის ჩამოყვანას დაჰპირდა.