ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდსა და შუა ხორგაში ნავთობსაძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ქართულ–ყაზახური კომპანიის „აქსაი– BMS“ მთავარი გეოლოგის როლანდ ზირაქაძის განცხადებით, ყაზახეთიდან ჩამოტანილი სპეციალური ტექნიკით დაფიქსირებული შედეგები ნავთობის არსებობის ვარაუდს იძლევა. კომპანიის გენერალური მდივნის მოადგილის ერლან ბექტემიროვის თქმით, ამ ეტაპზე მიღებული კვლევის შედეგებს ყაზახეთში გააგზავნიან და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ნავთობსაძიებელი ჭაბურღილების გათხრას დაიწყებენ. კომპანია „აქსაი– BMS“ საქართველოში გეოლოგიურ კვლევებს, ნავთობსაძიებო და მოპოვებით სამუშაოებს 25–წლიანი პროგრამის ფარგლებში 2007 წლიდან აწარმოებს. ამჟამად კომპანიას ხობის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ჰყავს 160 ადამიანი, მათ შორის 120 ადგილობრივი მცხოვრები. ქართულ–ყაზახური კომპანია „აქსაი– BMS“ ნავთობსაძიებელ სამუშაოებს 10 ივნისს დაასრულებს.