ხობში სამგზავრო მატარებელზე ბილეთების გაყიდვის სააგენტო გაუქმდა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სხვადასხვა მიმართულების რეისებზე მატარებლის ბილეთების შეძენა, ამჟამად სენაკის ან ზუგდიდის რკინიგზის სალაროში უწევთ, რაც მათივე თქმით, ზედმეტი დროის და დამატებით 3 ლარის ხარჯვაა. რა მიზეზით გაუქმდა ბილეთების გაყიდვის სააგენტო, ამის შესახებ ხობის რკინიგზის სადგურის უფროსი რუბენ ვეკუა კომენტარს არ აკეთებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტის როზეტა შულაიას თქმით, „მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს რკინიგზასთან აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე.“ ცნობისათვის, ხობის რკინიგზის სადგურზე ბილეთების გაყიდვის სააგენტო გასული წლის სექტემბერში სალაროს დახურვის შემდეგ გაიხსნა.