ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან რეორგანიზაციის მოტივით 21 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ბესიკ ნაჭყებიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მათგან 11 ადამიანი უკვე დააბრუნეს გამგეობის სხვადასხვა სამსახურში. „დანარჩენებსაც არ დავტოვებთ უმუშევრად“, ამბობს ბესიკ ნაჭყებია. მისივე თქმით, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეორგანიზაცია „არსებული რეალობის გათვალისწინებით და თანამშრომლების შრომის რაციონალურად განაწილების მიზნით მიმდინარეობს.“ ცნობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაუქმდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები და შეიქმნა ახალი, სამართლებრივი უზრუნველყოფის და ორგანიზაციულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილებები.