08.02.2012

მრავალშვილიანი ოჯახი ლტოლვილთა სამმართველოს უყურადღებობაში ადანაშაულებს



აფხაზეთიადან დევნილი ჯამბულ შაკაიას 5-წევრიანი ოჯახი ხობის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში ცხოვრობს. ისინი სახელმწიფომ ბინით გასულ წელს დააკმაყოფილა. ჯამბულ და ლარისა შაკაიებს სამი შვილი ჰყავთ, რომლებიც მშობლების თქმით, მუდმივად საჭიროებენ ექიმების მეთვალყურეობას. ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო ბავშვების პენსია და დევნილთა დახმარებაა, რაც სულ 180 ლარს შეადგენს. ლარისა შაკაიას თქმით, თანხა თვიდან-თვემდე მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით. მისივე განცხადებით, ცოლ-ქმარი არ მუშაობენ, რადგან ბავშვების მარტო დატოვება შეუძლებელია. ოჯახი ამბობს, რომ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად დახმარებისთვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ლარისა შაკაია ამბობს, რომ ლტოლვილთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გოჩა ელერჯია შარშან ოქტომბერში დაჰპირდა შეშით მომარაგებას, მაგრამ პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. ჯამბულ შაკაიას განცხადებით, რამდენიმე კუბური მეტრი შეშით ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა, რაც გამოსაზამთრებლად საკამარისი არ არის. ვითარებაში გასარკვევად „ლაივპრესი“ ლტოლვილთა სამმართველოს უფროს სპეციალისტს გოჩა ელერჯიას დაუკავშირდა. მან ჯამბულ შაკაიას ოჯახის საკითხეზე კომენტარისთვის 10 წუთი ითხოვა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონის ზარს არ უპასუხა.
08.02.2012