„ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან“, - ამის შესახებ განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხობში, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ა.ა.ი.პ. პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომელი ანჟელა ქანთარია, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის მეუღლეა. მამუკა ქარდავას განცხადებით, გათავისუფლებულია ასევე, სოფელ ნოჯიხევის #1 საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი მაია ცქირია, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ცოლის დაა. მამუკა ქარდავას ინფორმაციით, გათავისუფლებამდე მათ განუცხადეს, რომ რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან დროებით წასვლის შესახებ განცხადება უნდა დაეწერათ, რაზეც ქანთარიამ და ცქირიამ უარი თქვეს. „მათი სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური დევნაა“, - განაცხადა მამუკა ქარდავამ. თავის მხრივ, ა.ა.ი.პ. პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა რუზანა თათარიშვლმა „ლაივპრესთან“ საუბრისას უარყო პოლიტიკური მოტივით თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა და განაცხადა, რომ მის სამსახურში შტატები შემცირდა და მხოლოდ ამიტომ გაუშვა. რაც შეეხება მაია ცქირიას სამსახურიდან გათავისუფლებას, საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარი სპეციალისტის მანანა წულეისკირის განცხადებით, ცქირიამ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად დაწერა.