08.05.2012

ხობის ბაზრის მოვაჭრეები ხანძრისგან განადგურებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ


ხობის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, რომლებსაც გასაყიდი საქონელი ორი თვის წინ, შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ, ამ დრომდე ადმინისტრაციისგან დახმარებას ელოდებიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის მეპატრონე ლადო თათარაშვილი არ დაინტერესებულა მათი მდგომარეობით. ადმინისტრაციამ მათ მხოლოდ ადგილები გამოუყო სავაჭროდ, მაგრამ საქონლის საყიდი საშუალება არ აქვთ. ხობის აგრარული ბაზრის მეპატრონე ლადო თათარაშვილმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მოვაჭრეებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მათ 6 ან 8 საათზე, მუშაობის დასრულებისთანავე საქონელი უნდა აელაგებინათ, რადგან არ იყო გათვალისწინებული, ბაზარს მთელი ღამის განმავლობაში ემუშავა, შესაბამისად, მეპატრონის ცნობით, იგი ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მოვაჭრეების ნივთებზე. ლადო თათარაშვილის თქმით, ხანძარი დაუდევრობის მიზეზით გაჩნდა, რადგან დირექციის აკრძალვის მიუხედავად მოვაჭრეები „რაღაცებს“ რთავდნენ. მათ დროებით იქვე სამუშაო ადგილები მისცა და ორი თვის გადასახადისგანაც გაათავისუფლა. მისივე ინფორმაციით, დღეს მოვაჭრეებმა დაცვა დაიქირავეს საკუთარი სახსრებით. ლადო თათარაშვილი ამბობს, რომ ბუღალტრული აღწერის მიხედვით, ბაზარში მომუშავე ადამიანების ზარალი მიზერული იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ისინი შესაძლოა გაცილებით დიდი ოდენობის ღირებულების საქონელზე საუბრობენ. შეგახსენებთ, ხობის აგრარულ ბაზარში, მარტის თვეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის 50 კვ.მ. ფართი. სავარაუდოდ ცეცხლი დაზიანებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია, თუმცა შესაბამისი კომისია ხანძრის მიზეზებს ამ დრომდე სწავლობს.