22.05.2012

"ღია დემოკრატიის კომიტეტი" მამუკა ქარდავაზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

ამერიკული ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტი," რომლის წარმომადგენლები საქართველოში საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან, კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე 20 მაისს მომხდარი თავდასხმის გამოძიებას ითხოვს. კომიტეტის განცხადებით, მამუკა ქარდავამ ორგანიზაციის დამკვირვებლებს რონ კიჩსა და დანილო სპოლსკის უამბო, რომ ოთხმა უცნობმა პირმა ავტომანქანიდან ძალით გადაიყვანა, ხელკეტებით სცემა და ”ქართულ ოცნებაში” აქტივობის გაგრძელების შემთხვევაში ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. "მსგავსი ფაქტები საქართველოში არჩევნების დროს ადრეც მომხდარა, მაგრამ ინციდენტების არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე დაწყება ამძაფრებს ჩვენ შეშფოთებას, პოლიტიკური პარტიების დაშინების შესაძლო გაძლიერების გამო", - განაცხადა ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ რონ კიჩმა. "ღია დემოკრატიის კომიტეტი" როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დამნაშავებმა პასუხი კანონის წინაშე აგონ. "საქართველომ უნდა განაგრძოს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სამართლიანი და თავასუფალი საპარლამენტო არჩევნები", - ნათქვამია ამერიკული ორგანიზაციის განცხადებაში.