საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] და „სამართლიანი არჩევნები“ გამოეხმაურნენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, 20 მაისს უცნობი პირების მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის ხელმძღვანელის მამუკა ქარდავას ცემის შესახებ. განცხადების ავტორი ორგანიზაციები მომხდარის ობიექტურ, სრულ და დროულ გამოძიებას ითხოვენ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ინცინდენტამდე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, 18 მაისს, მამუკა ქარდავას მიმართ, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობას ხვდებოდა ხობის გამგეობის თანამშრომლის ვლადიმერ ჭითანავას მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ქარდავამ არასამთავრობო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმები მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მამუკა ქარდავას ჩვენება საკმარისი სამხილია იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს სათანადო შეფასება და ძიებით დადგინდნენ ქარდავაზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების ჩამდენი პირები. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ასევე, „უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს მომხდართან დაკავშირებით.