21.06.2012

შუა ქვალონის 60 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი [Video]


ხობის მუნიციპალიტეტის სოფლის შუა ქვალონის 60–მდე ოჯახს წლებია სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა დღემდე ჭის წყლით სარგებლობდა, რომელიც ცხელი ზაფხულის პირობებში შრება. დღეს კი ჭები ხობის მუნიციპალიტეტში გავრცელებული მატლით – „ოქროკუდათია“ სავსე და წყალიც სასმელად უვარგისია. ამიტომ შუა ქვალონის მოსახლეობა წყალს შორი მანძილიდან ეზიდება.

ადგილობივი მაცხოვრებლების თქმით, სოფელში ცენტრალური წყლის მაგისტრალი გადის, რითაც ფოთის მოსახლეობა მარაგდება, თავად კი წლებია წყალი არ მიეწოდებათ. მათ „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ–ერთი მოსახლის თქმით, უწყლობით შარშან და წელს მეზობლების მსაგვსად, მასაც საქონელი დაეხოცა.

შუა ქვალონის მცხოვრებლები მატლების გავრცელებასა და მცენარეების განადგურებაზეც საუბრობენ. მათი თქმით, შეწამვლითი სამუშაოების მიუხედავად არაფერი შეცვლილა.

„ლაივპრესს“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ განუცხადა, რომ წყლის პრობლემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. მისივე თქმით, ისინი ერთად განიხილავენ, როგორ მიაწოდონ 60 ოჯახს წყალი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელებულ მავნებლის საკითხს, გამგებლის თქმით, ისინი მოსახლეობას მცენარეების შესაწამლად ზურგსაკიდ აპარატებს ურიგებენ და ადგილობრივებს შხამ–ქიმიკატებითაც უზრუნველყოფენ.