ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ასაღწერად
საგანგებო კომისია შეიქმნა. თბილისიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ
საკუთარი წარმოადგენლები გამოგზავნა, რომლებიც 28 ივნისს მოსული ძლიერი
წვიმების მიზეზით დაზარალებული მოსახლეობის სიმინდის ნათესების, თხილის
პლანტაციების, საკარმიდამო ნაკვეთების საერთო ზარალის ოდენობას
შეისწავლიან. საგანგებო კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებს
ადიდებული მდინარეების მიერ დაზარალებულ ათ სოფელში – ძველ და ახალ
ხიბულაში, საჯიჯაოში, ბიაში, პირველ და შუა ხორგაში, ქარიატაში, ყულევში,
ახალ სოფელსა და გურიფულში და დასკვნას მოგვიანებით დადებს. ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის საკითხებში, ბესიკ
ნაჭყებიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიცემა
კომპენსაცია სწორედ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე. მისივე თქმით, ამ
დრომდე უცნობია, თუ საიდან გამოიყოფა ზარალის ოდენობის ასანაზღაურებლად
საჭირო თანხები.