ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის მოსახლეობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას სენაკი-ფოთის მაგისტრლური მილსადენის მშენებლობისას საკუთრების უფლების დარღვევაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს კი მიკერძოებაში ადანაშაულებს.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ეზოებში გაზსადენი მილების გაყვანის შემდეგ 15 ოჯახი მწვანე ნარგავების გარეშე დარჩა, გადათხრილ ადგილებს კი სახნავ–სათესად ვერ იყენებენ. ადგილობრივების განმარტებით, მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გაზის კორპორაციამ მოსახლეობის ნაწილს მიზერული ფულადი კომპენსაცია გადაუხადა, ნაწილს კი დღემდე არაფერი მიუღია.
პატარა ფოთის მკვიდრის, ნარგიზა ჯანჯღავას თქმით, ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათთვის სასურველ კომპენსაციასათან ერთად ოჯახებში გაზსაც შეიყვანდნენ. მისი თქმით, კორპორაციას ეს შეთანხმება არ შეუსრულებია. ნარგიზა ჯანჯღავა ამბობს, რომ კორპორაციამ მისი და მისი შვილის ოჯახი თანაბრად დააზარალა.
„მაგათ როგორც უნდოდათ ისე კააგეთეს ყველაფერი. ჩემ სიტყვას არანაირი რეაგირება არ ჰქონია მაგათ წინაშე. მე ვთვლი, რომ დარღვეულია ჩემი უფლებები. ორივე ოჯახში გადათხრილია თხილნარი და რომ ვთქვი კომპენსაციაზე, თქვენო ბევრი ფული გინდათო“, – ამბობს ნარგიზა ჯანჯღავა, რომელმაც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის წინააღმდეგ სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მოგვიანებით სასამართლომ დავა კორპორაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ჯანჯღავების მსგავსად, კორპორაციის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამენ მისი მეზობლებიც. ერთ–ერთი მათგანი, ლია რუხაია ამბობს, რომ ადგილობრივებმა კორპორაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წაუკითხავად მოაწერეს ხელი და საბოლოო ჯამში მოტყუებული დარჩნენ.
„დაუკითხავად შემოვიდნენ და ყველას მოგვაწერინეს ხელი რაღაც საბუთებზე. ყველანაირად დაგეხმარებით, გაზიც სოფლისთვის იქნებაო. ისე გვითხრეს, რომ ჩვენც დავიჯერეთ და ყველამ ვეცადეთ, ჩავრთულიყავით გაზის შემოყვანაში“, – ამბობს ლია რუხაია.
თავის მხრივ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სმსახურის უფროსი, თამარ შოშიაშვილი „ლაივპრესათან“ საუბარში აცხადებს, რომ პატარა ფოთში სამუშაოები კანონის სრული დაცვით განხორციელდა. მისი განმარტებით, აქ მოსახლეობა ორ კატეგორიად იყოფა. პირველი ნაწილი, რომელმაც კორპორაციასთან სერვიტუტის ხელშეკრულება გააფორმა (სერვიტუტი: სხვისი მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აკრძალოს ამ ნაკვეთზე მესაკუთრის მიერ ზოგიერთი მოქმედების განხორციელება. ავტ.) და მეორე ნაწილი, რომლებმაც ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადეს.
„სერვიტუტის ხელშეკრულება ვინც გააფორმა იმათ ჩვენ ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი კომპენსაციები გადავუხადეთ. რაც შეეხება მოსახლეობის მეორე კატეგორიას, რომლებმაც ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვეს და წავიდნენ სასამართლოში, ანუ დაიწყეს ჩივილი, სასამართლომ ჩვენ უფლება მოგვცა, ამ სახელმწიფო პროექტისთვის დროებით გამოგვეყენებინა მათი მიწები, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან დაუბრუნდებოდა მესაკუთრეს. სასამართლოს გადაწყვეტლების თანახმად, კორპორაციას მოსახლეობის ამ ნაწილისთვის კონპენსაცია არ გადაუხდია“, – განაცხადა თამარ შოშიაშვილმა.
მისივე განმარტებით, მათ ვისაც ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებამდე ჰქონდათ გაფორმებული, მიყენებული ზარალის მიხედვით სხვადსხვა ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. გარკვეული თანხა, რომელსაც კორპორაციის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, დაზარალებულებმა ორი წლის განმვლობაში მიიღეს. რაც შეეხება პატარა ფოთის გაზიფიცირების საკითხს, თამარ შოშიაშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამის, „გაზი ყველა ოჯახს“ ფარგლებში კორპორაციის ვალდებულებაა ქალაქებში მაღალი წნევის გაზსადენი მილების გაყვანა, შიდა გამანაწილებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი კი ადგილობრივი თვითმმართველობა და კომპანია „სოკარია“.
ხობის მუნიციპაიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან დავალებები უკვე მიიღეს.
„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდება ამ კომპანიის წარმომადგენლებს და დაისმევა საკითხი, რომ სოფელი პატარა ფოთიც ჩაერთოს იმ სამი სოფლის სიაში, სადაც უახლოეს ხანში გათვალისწინებულია გაზიფიცირების საკითხი“, – განაცხადა ანტონ ვარდიამ.
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ პატარა ფოთში სარემონტო სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა. კორპორაციის ვებგ–ვერდის ცნობით, სენაკი–ფოთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასვლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროგრამის 1 ეტაპის ფარგლებში განხორციელდა. 700 მმ–იანი, დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის მიზანი იყო ფოთის გაზიფიცირება. მშენებლობისთვის საჭირო 115 მილიონი დოლარი, ამერიკის განვითარების სააგენტომ USAID–მა გრანტის სახით გამოყო. საპროექტო სამუშაოების თანხები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.