06.08.2012

21 წლის ვასიკო ბუკია კოლხეთის დასახლებაში იპოვეს

21 წლის ვასიკო ბუკია, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამაშველო ჯგუფები მდინარე ხობისწყალში დღეს დილიდან ეძებდნენ, ხობის მუნიციპალიტეტის კოლხეთის დასახლებაში იპოვეს. ახალგაზრდა ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსმა, გოჩა არაჩემიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ვასიკო ბუკიამ დღეს 04:55 საათზე თავად დაურეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, „112“- ს და განაცხადა, რომ თვითმკვლელობის მიზნით მდინარეში გადახტომას აპირებდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს მდინარე ხობისწყალის ხიდთან ახალგაზრდას ტანსაცმელი დახვდათ, რის შემდეგაც ხობის სამაშველო სამსახურმა მდინარეში დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო სამუშაოები. გოჩა არაჩემიას თქმით, ადგილზე მუშაობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამაშველო ჯგუფებიც. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი პოლიცია. გოჩა არაჩემიას თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიზნით მოატყუა 21 წლის ვასიკო ბუკიამ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

ხობისწყალში 21 წლის მამაკაცს ეძებენ

06.08.2012
ხობის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის ჯგუფები მდინარე ხობისწყალში 21 წლის ვასიკო ბუკიას ეძებენ. „ლაივპრესის“ კორესპონდენტი ხობიდან იუწყება, რომ ვასიკო ბუკიას ტანსაცმელი დღეს დილით მდინარე ხობისწყალის ხიდთან იპოვეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურმა სამძებრო სამუშაოები დაიწყო.