05.08.2012

გიგა ბუკია სახელმწიფომ 190 ათასი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა.


პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხობში, გიგა ბუკია სახელმწიფომ 190 ათასი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა.

”სამი თვის წინ 35 ათასი ლარი კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე ჩავრიცხე, რათა კოალიციას მოხმარებოდა. კონტროლის პალატამ მოწმის სტატუსით დამიბარა და განმარტება მომთხოვა, თუ საიდან მოვიტანე აღნიშნული თანხა. სიტყვიერად ავუხსენი, რომ მაქვს გახსნილი საკრედიტო ხაზი საქართველოს ბანკთან, საიდანაც პირდაპირ გადავრიცხე ეს თანხა”, უთხრა “ლაივპრესს” გიგა ბუკიამ.

კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ის მზად იყო, თუ კი დაინტერესდებოდნენ, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის სახით წარედგინა მათთვის, რა ქონებას ფლობდა. გიგა ბუკია ამბობს, რომ მას შემდეგ კონტროლის პალატაში არ დაუბარებიათ, თუმცა ამ ორგანოს საჩივარის შესახებ შესაბამისი უწყება სასამართლოდან მიიღო. საჩივრის მიხედვით, გიგა ბუკია განმარტავს, რომ მას შემოსავალი არ აქვს, ამიტომაც გაურკვეველია “კონსერვატიული პარტიის” ანგარიშზე ჩარიცხული 35 000 ლარის წარმომავლობა.

“სასამართლოზე წარვადგინე 200 ათასი ლარის თანხის ნოტარიუსით დადასტურებელი დოკუმენტები. მოსამართლემ მე და ჩემს ადვოკატს მოგვცა მხოლოდ 7 წუთი. არაფერი უკითხავთ და ისე გამომიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. 167 ათასი ლარით დამაჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე და იქაც არ დააკმაყოფილეს. საბოლოო ჯამში ჯარიმამ 190 ათასი ლარი შეადგინა”, უთხრა “ლაივპრესს” გიგა ბუკიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მან დოკუმენტები სტრასბურგის სასამართლოს უკვე წარუდგინა. მანვე განმარტა, რომ სახელმწიფომ ქონება დაუყადაღა და აუქციოზე სახლი 313 740 ლარად გაიყიდა, ეს თანხა ჯარიმის ოდენობას ბევრად აღემატება., აღნიშნა გიგა ბუკიამ. იგი დარჩენილი 120 000 ლარის კოალიციის ანგარიშზე გადარიცხვას ითხოვს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ლაივპრესს” უთხრა, რომ მისი საქმის შესახებ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე იციან.