05.08.2012
ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლომაიამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ პირველი სხდომა დღეს გამართა.
სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის, ამომრჩეველთა რაოდენობის, საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო უბნებზე მოქმედ ცვლილებებზე ისაუბრეს.
მამუკა ლომაიას თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში 7 აგვისტომდე უნდა დაასახელონ. ხობის მუნიციპალიტეტში სულ 32 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი ბოლო მონაცემებით არის 29 532.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სიების დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს. დღის წესრიგით განსაზღვრული პირველი საკითხი, საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის შესახებ ერთხმად დამტკიცდა და ვადა საამისოდ 10 აგვისტომდე განისაზღვრა.
მამუკა ლომაიამ სხდომაზე შეკრებილებს ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო. მან პარტიის წევრებს განუმარტა, თავი აარიდონ პარტიის შტაბებსა და მიტინგებზე სიარულს. უბანში კონკრეტული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ აუცილებლად დაუკავშირდებიან. ლომაიამ მოუწოდა პარტიებს, ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.
ცნობისთვის, დღეს გამართულ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის 5 მუდმივი და სამი პარტიის თითო წარმომადგენელი, სულ 8 წევრი ესწრებოდა.