02.10.2012

ხობის საოლქო კომისიამ ორ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენების შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა



02.10.2012
ხობის #66–ე ოლქში დღეს, 2 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ცამეტივე წევრი ესწრებოდა. სხდომაზე განიხილეს ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივას“ საჩივარი, რომელიც #11 და #25–ე უბნებზე არასაკმარისი საარჩევნო ბიულეტენის აღმოჩენის ფაქტს შეეხებოდა. ამ მიზეზის საფუძველზე ორგანიზაციამ მოითხოვა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დაკისრებოდა, თუმცა  საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომლის განხილვას არ ესწრებოდა თავად ორგანიზაციის წარმომადგენელი. #66–ე ოლქის თავმჯდომარემ, მინდია ლომაიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და საჩივრის შემომტანმა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს.

 დღეს გამართულ სხდომაზე ასევე განიხილეს 1 ოქტომბრის არჩევნები. ოლქის თავმჯდომარის ცნობით, შემაჯამებელი ოქმები რამდნიმე დღეში დაიდება.

01.10.2012

ხობში მმართველი პარტია და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს


ხობის  #66 საარჩევნო ოლქში, სადაც 32 უბანია და ამომრჩეველთა რაოდენობა 29 422–ს შეადგენს, 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე მონაწილეობა 18 643–მა მოქალაქემ მიიღო. ამ დროის მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია, რომელმაც 10 165 ხმა მიიღო, რაც 54,53%–ს შეადგენს. ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–მეტი სარგებელი ხალხს“ მაჟორიტარმა, გოდერძი ბუკიამ  10088 ხმა მიიღო. ეს 54,12%–ია.

რაც შეეხება ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“, ხმების რაოდენობა 6604-ით განისაზღვრა. ეს მონაცემი 35,42%–ია. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბუკიამ მიიღო კი  6422 ხმა, რამაც 35% შეადგინა.

დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები „გიორგი თარგამაძე–ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობაზე“, „ლეიბორისტულ პარტიაზე“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „თავისუფალ საქართველოზე“ გადანაწილდა.

ხობის #66 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, მინდია ლომაიას განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა „ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ მიერ, რომელიც #11 და #25  უბნებზე არასაკმარისი რაოდენობის ბიულეტინის ფაქტს შეეხებოდა. მინდია ლომაიამ აღნიშნა, რომ სხვა უბნებზე მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა.