11.12.2011

ხობის გამგებელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


ხობის გამგებელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11.11.2011
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის, იგორ ტყებუჩავას დაკავების ფაქტზე, დღეს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. თოფურიძის განცხადებით, იგორ ტყებუჩავას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „იგორ ტყებუჩავამ მეწარმეს, ხობის გამგეობის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების სანაცლოდ, ქრთამის სახით გამოსძალა 5 ათასი ლარი“, განაცხადა იოსებ თოფურიძემ ბრიფინგზე. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა ფარული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს გამგებელის მიერ ქრთამის აღების მომენტი და საუბარი მეწარმესთან ტენდერში მონაწილეობაზე. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, 28 ოქტომბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია, 29 ოქტომბერს Livepress.ge-მ გაავრცელა. იგორ ტყებუჩავას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. ცნობისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი გაწერელია ასრულებს

09.12.2011

9 დეკემბერი 2011 წელი

გოგა ღურწკაიას გამგებლად  დანიშვნა

ხობის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად გოგა ღურწკაია დაინიშნა. ხობის საკრებულომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღო. გაგებლის პოსტის დასაკავებლად განცხადება სამ კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი. საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამივე კანდიდატი გოგა ღურწკაია, გიორგი გაწერელია და ვილი პაჭკორია "ღირსეული" იყო, თუმცა მან საკრებულოს წევრებს ერთ-ერთი გოგა ღურწკაია წარუდგინა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული. ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს სხდომას მხოლოდ ერთი ”ფრაქცია ხობი დემოკრატების” თავმჯდომარე ესწრებოდა, თუმცა მან დარბაზი გამგებლის არჩევამდე დატოვა. სხდომაზე ხობის ახლადარჩეულმა გამგებლმა გოგა ღურწკაიამ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის განვითარება. ”ბევრი პროექტი მაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით შემუშავებული. განვითარების საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ვგეგმავ”, განაცხადა გამგებელმა. გოგა ღურწკაია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო-ქართლის რეგიონის მენეჯერის მოადგილედ მუშაობდა. ის ასევე არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატიც. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 28 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსია 25 ნოემბერიდან 7 დეკემბერამდე გამოაცხადა.