11.07.2011

ხობში წინაგოლის სკოლა დაიხურება

ხეთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა livepress.ge-ს შეატყობინა, რომ სოფელ ხეთაში არსებული პირველი და მეორე საჯარო (წინაგოლის) სკოლებიდან ერთერთის დახურვა იგეგმება. მისივე ცნობით, ორივე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მასწავლებლებს არ ეუბნებიან, თუ რომელი სკოლა დაიხურება. პედაგოგის ინფორმაციით, იგეგმება მასწავლებელთა შემცირებაც. სკოლებში ჯერ არ იციან, თუ ვინ იქნება ხეთის „გაერთიანებული“ სკოლის ახალი დირექტორი. ვითარებაში გასარკვევად livepress.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებიდან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ: „სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვის, ამასთან, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის და სოფელ წინაგოლის სკოლების ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის წინაგოლის საჯარო სკოლა, რომელშიც მხოლოდ 78 მოსწავლე სწავლობს ხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლას შეუერთდება (ხეთის საჯარო სკოლაში 283 მოსწავლე სწავლობს). შესაბამისად, ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები სკოლაში თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას მოხმარდება. ოპტიმიზაციის შემდეგ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თითოეული მაღალკვალიფიციური მასწავლებლის ინტერესი. რაც შეეხება დირექტორს, ხეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილი სკოლების ოპტიმიზაციის შემდეგ გახდება“, ნათქვამია Livepress.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში