11.12.2011

ხობის გამგებელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


ხობის გამგებელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11.11.2011
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის, იგორ ტყებუჩავას დაკავების ფაქტზე, დღეს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ თოფურიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. თოფურიძის განცხადებით, იგორ ტყებუჩავას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „იგორ ტყებუჩავამ მეწარმეს, ხობის გამგეობის მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების სანაცლოდ, ქრთამის სახით გამოსძალა 5 ათასი ლარი“, განაცხადა იოსებ თოფურიძემ ბრიფინგზე. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა ფარული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს გამგებელის მიერ ქრთამის აღების მომენტი და საუბარი მეწარმესთან ტენდერში მონაწილეობაზე. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა, 28 ოქტომბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია, 29 ოქტომბერს Livepress.ge-მ გაავრცელა. იგორ ტყებუჩავას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. ცნობისთვის: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი გაწერელია სრულებს

09.12.2011

9 დეკემბერი 2011 წელი

გოგა ღურწკაიას გამგებლად  დანიშვნა

ხობის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად გოგა ღურწკაია დაინიშნა. ხობის საკრებულომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღო. გაგებლის პოსტის დასაკავებლად განცხადება სამ კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი. საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამივე კანდიდატი გოგა ღურწკაია, გიორგი გაწერელია და ვილი პაჭკორია "ღირსეული" იყო, თუმცა მან საკრებულოს წევრებს ერთ-ერთი გოგა ღურწკაია წარუდგინა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული. ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს სხდომას მხოლოდ ერთი ”ფრაქცია ხობი დემოკრატების” თავმჯდომარე ესწრებოდა, თუმცა მან დარბაზი გამგებლის არჩევამდე დატოვა. სხდომაზე ხობის ახლადარჩეულმა გამგებლმა გოგა ღურწკაიამ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის განვითარება. ”ბევრი პროექტი მაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით შემუშავებული. განვითარების საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ვგეგმავ”, განაცხადა გამგებელმა. გოგა ღურწკაია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო-ქართლის რეგიონის მენეჯერის მოადგილედ მუშაობდა. ის ასევე არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატიც. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 28 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსია 25 ნოემბერიდან 7 დეკემბერამდე გამოაცხადა.

07.12.2011

ხობის გამგებლის ასარჩევად საკრებულო მომავალ კვირაში შეიკრიბება

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიის ვადა დღეს 18 საათზე იწურება. ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ დროისთვის სულ ორი განცხადებაა შესული, საკრებულოს სხდომას კი მომავალ კვირაში მოიწვევს. შეგახსენებთ, გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადებას წინ უძღოდა ხობის გამგებლის იგორ ტყებუჩავას დაკავება.

05.12.2011

ხობში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელს ითხოვენ

05.12.2011
     ხობის ყოფილი რაიკომის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 13 ოჯახი, კორპუსში არსებული უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობების გამო, ფოთის ახალ რაიონში ჩასახლებას ითხოვს. ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილებმა, წერილობით მიმართეს ლტოლვილთა რეგიონულ სამმართველოს და სამინისტროს, რაზეც მათივე ცნობით, დადებითი პასუხი მიიღეს. „16 აგვისტოს მიღებული შეტყობინების თანახმად, ჩვენ ახალ რაიონში უნდა ჩავესახლებინეთ, თუმცა ამ დრომდე, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით ჭიანურდება ეს პროცესი. გაგვაგებინონ, გვასახლებენ თუ გვტოვებენ. დავიღალეთ ერთი უწყებიდან მეორეში გადამისამართებით“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი კარლო აბშილავა. თავის მხრივ, ხობში, ლტოლვილთა სამმართველოს უფროსი, შორენა ძაძამია ამბობს, რომ „მას შემდეგ, რაც გამგეობას ყოფილი რაიკომის შენობა სამსახურების განსათავსებლად დასჭირდა, ლტოლვილთა სამინისტროს წერილობით შეატყობინეს დევნილები სხვა საცხოვრებელში, რომ გადაეყვანათ. „სამწუხაროდ, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს ხობში რეაბილიტირებულ შენობებში შესახლებაზე. ისინი ფოთში, ახალ რაიონში ჩასახლებას ითხოვდნენ. შეთანხმება სამინისტროსთან შედგა. სამწუხაროდ, მაშინ დროულად ვერ მოხერხდა. ამ დღეებში მათი გაყვანა მოხდება“, ამბობს შორენა ძაძამია.