კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის შტაბის უფროსის, მამუკა ქარდავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ხობის რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობის წინ. „ლაივპრესის“ კორესპონდენტი ხობიდან იუწყება, რომ აქციის მონაწილებს უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით - „ პოლიცია უნდა იცავდეს კანონს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს!“ და „ზომბირების დრო დასრულდა“. აქციას შეუერთდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ხობის ორგანიზაციის წევრებიც. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ელოდებიან. ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას 20 მაისს, ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ. კოალიციის წევრების ინფორმაციით, ოფისიდან სახლში მიმავალ მამუკა ქარდავას ოთხი უცნობი ადამიანი სოფელ ნოჯიხევში, რკინიგზის გადასასვლელთან დახვდა, მანქანიდან გადმოიყვანეს და ხელკეტებით სცემეს. კოალიციის წევრები ცემის ფაქტს მამუკა ქარდავას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მამუკა ქარდავამ ფიზიკური ზიანი ავტოავარიის შედეგად მიიღო.