25.05.2012

ხობში აქციის მონაწილეებთან ირაკლი ალასანია მივიდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის უფროსის, მამუკა ქარდავას მხარდამჭერ აქციას, რომელიც ხობის რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობასთან მიმდინარეობდა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანიაც შეუერთდა. მისი განცხადებით, მამუკა ქარდავა პოლიტიკური პოზიციის გამო „დაისაჯა“. აქციის მონაწილეებს ირაკლი ალასანიამ უთხრა, რომ „ახალაიების კლანს ფაქტის გამოძიება არ სურს, მაგრამ მათ უკვე დააუწყეს საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მომხდარის შესახებ და საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ“. მისივე თქმით, სამართალი უნდა აღსდგეს და დამნაშავეები დაუყოვნებლივ დაისაჯონ. ირაკლი ალასანია ამ განცხადების შემდეგ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. მამუკა ქარდავას მხარდამჭერი აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.