31.05.2012
„ახალი მემარჯვენების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებია დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მოსახლეობას შეხვდა და მათ პარტიის ხობის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, კახაბერ ლატარია წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე „ახალი მემარჯვენეების“ ბიუროს წევრი იყო. მანანა ნაჭყებიამ სოფლის მოსახლეობას განუცხადა, რომ მათთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ჯანდაცვა და განათლებაა, თუმცა მანანა ნაჭყებიას თქმით, ეს პარტიის საარჩევნო პროგრამა არ არის. მისივე განცხადებით, 22 ივნისს „ახალი მემარჯვენეები“ თბილისში განიხილავენ საკუთარ პროგრამას, მოგვიანებით კი მას ხობის მოსახლეობას გააცნობენ. მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ შიშის ფაქტორი არსებობს სამეგრელოში, განსაკუთრებით კი ხობში, ამიტომ აუცილებელია ამ შიშის გადალახვა. ნაჭყებიამ სოფლის მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინა, ამის შემდეგ კი ფოთში გაემგზავრა. პარტიის ლიდერი ხობში დღესვე დაბრუნდება და საღამოს 5 საათზე „ახალი მემარჯვენეების“ აქტივისტებს შეხვდება.