23.11.2012

ქვემო ქვალონის მოსახლეობა სოფლის რწმუნებულის გადადგომას მოითხოვს



23.11.2012
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის მოსახლეობამ, სოფლის რწმუნებულის, ელგუჯა ლაგვილავას გადადგომის მოთხოვნით დღეს, 23 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მკვიდრთა თქმით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან დღემდე ელგუჯა ლაგვილავა სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე იმყოფება. მოსახლეობამ აქციაზე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მათ სხვადასხვა პრობლემების შესახებ არაერთხელ აცნობეს რწმუნებულს, თუმცა ელგუჯა ლაგვილავას ეს მოთხოვნები ყურად არ უღია.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი სოფლის საძოვრებს ორი წელია სიმინდის მოსაყვანად ამუშავებენ, თუმცა რწმუნებულმა მათ განუცხადა, რომ ვერ ისარგებლებენ ამ მიწებით, რადგან ეს ტერიტორია ჰოლანდიელებმა შეიძინეს. სოფლის მკვიდრთა თქმით, ელგუჯა ლაგვილავასგან ამ შინაარსის პასუხი მას შემდეგ მიიღეს, რაც მას მიწების დარეგისტრირების თხოვნის შესახებ აუწყეს.

თავის მხრივ, ელგუჯა ლაგვილავამ , რომელიც აქციაზე იმყოფებოდა განაცხადა, რომ მიწების საკითხი მისი კომპეტენცია არ არის და სამინისტროს პრეროგატივაა.

ქვემო ქვალონის მოსახლეობამ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე უგზოობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით, სოფლის მხოლოდ რამდენიმე უბანში მოიხრეშა გზები. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, სოფლის რწმუნებულმა მოსახლეობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე განუცხადა, რომ სამუშაოები არ ჩატარდება, რადგან აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მომხრეა.  

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათ პროტესტს შედეგი რ მოჰყვება, აქციებს მომავალშიც გამართავენ.

ხობისწყალში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა


23.11.2012

ხობში, მდინარე ხობისწყალში ცენტრალური ხიდის ქვეშ ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 1989 წელს დაბადებული ხობის მკვიდრი მარიამ შანგირაძეა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ ხობის სამაშველო სამსახურის უფროსმა, გოჩა არაჩემიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგონა სახლიდან შვიდი დღის წინ გავიდა, თუმცა მშობლებს იგი ნათესავის სახლში ეგულებოდათ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ მათი შვილი ახლობლებთან არ იმყოფებოდა, პოლიციას განცხადებით მიმართეს. გარდაცვალებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია. მარიამ შანგირაძის ცხედარი ამ დრომდე ზუგდიდის პროზექტურაში რჩება და მას ექსპერტიზა უტარდება.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი დღეს, 23 ნოემბერს დილით, მდინარე ხობისწყალში იპოვეს. 


15.11.2012

ყულევის ტერმინალის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს


15.11.2012

ყულევის ტერმინალის 33–მა თანამშრომელმა ტერმინალთან დღეს, 15 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შპს გლობალ „ოილთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმებიან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის სარკინიგზო ნავთობმცლელი ესტაკატა იჯარით გადაეცა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ იძულებით უხდებათ სამთვიანი ახალი ხელშკრულების გაფორმება. შიშობენ, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან თანამშრომლობას აღარ განაგრძობს და უსამსახუროდ დარჩებიან. აქციის მონაწილეებმა ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შენარჩუნება მოითხოვეს. 

მათ ასევე ტერმინალიდან დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება სურთ. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად რამდენიმე მათგანის ძველ პოზიციებზე დაბრუნებისა, დანარჩენების დაბრუნებაც ტერმინალთან შეკრებილების ერთ–ერთი მოთხოვნაა.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერდაძე. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულების თანახმად ტერმინალის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რომლითაც ისინი ძველი შეთანხმების საფუძველზე სარგებლობდნენ. აღნიშნული, მისივე განმარტებით გულისხმობს, რომ თუკი ტერმინალი მუშაობას შეწყვეტდა, თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებდნენ. ილია ვერდაძის თქმით, ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და აქციის მონაწილეების ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

თავის მხრივ, შპს გლობალ „ოილის“ დირექტორმა, გელა ხუნწარიამ განაცხადა, რომ ის თანამშრომლებს უკეთეს პირობებს სთავაზობს. აქციების ინიცირებაში  კი მისი თქმით, ძველი ხელისუფლების ხელი ურევია.

ტერმინალის თანამშრომლებმა კომპნიის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში ამბობენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

შეგახსენებთ, ყულევის ტერმინალის 200–მდე თანამშრომელმა გამაფრთხილებელი აქცია 10 ნოემბერს გამართა. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. მაშინ ტერმინალის თანამშრომლების პარალელურად, სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმაც მოაწყო  საპროტესტო აქცია. მათ ტერმინალზე ადგილობრივების დასაქმება მოითხოვეს.