25.01.2012

ხობის გამგებლის მოადგილედ რევაზ წულაია დაინიშნა


ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოგა ღურწკაიამ დღეს გამართულ თათბირზე უწყების თანამშრომლებს მისი ახალი მოადგილე წარუდგინა. რევაზ წულაია, რომელიც მანამდე ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელობდა, გამგეობაში, კულტურის, სოციალურ და ტერიტორიულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებს გაუწევს კოორდინირებას. რევაზ წულაიამ გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე რალა ჩემია მას შემდეგ შეცვალა, რაც ყოფილმა მოადგილემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების უფროსად დაინიშნა.  
25.01.2012

24.01.2012

ხობის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია



ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურების რეორგანიზაცია და საკადრო ცვილებები მიმდინარეობს. „ლაივპრესის“ კორესპონდენტის ცნობით, გამგებლის მოადგილე რალა ჩემია ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების უფროსად დაინიშნა. მან გამგებლის მოადგილეობიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა. ხობის გამგებლის თანაშემწედ ირაკლი ჯგერენაია დაინიშნა, რომელიც მანამდე გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში მუშაობდა. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურსაც. მას ანტონ ვარდია უხელმძღვანელებს. ეკონომიკის განყოფილების უფროსად კი ავთანდილ ცხადაია დაინიშნა. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეორგანიზაცია 12 იანვარს დაიწყო.

20.01.2012

ხობის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო ხობში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც წუხელ 11 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად „ენერგო–პრო ჯორჯიას ხობის ოფისის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე სოფელს აღუდგა, დღის ბოლომდე კი მთლიანად აღდგება.“ გამგებლის ინფორმაცით, დიდთოვლობამ შეაფერხა სენაკი–ფოთის ავტომაგისტრალის, ხობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.

ხობის ორ სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს და სოფელ ხეთაში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას. გოგა ღურწკაიამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. „დევნილთა დასახლებაში ბოძები იყო წაქცეული და საჭირო გახდა მისი შეცვლა. ღამით დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება“. რაც შეეხება სოფელ შავღელეს, გამგებლის თქმით, „აქ ელექტროენერგიის მიწოდება ხვალამდე არ აღდგება“. შეგახსენებთ, დიდთოვლობის გამო ხობში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამო წუხელ 11 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ცნობისთვის: ხობის მუნიციპალიტეტში შიდა გზები და მთავარი მაგისტრალი თოვლისგან გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია.

კურსორი 20.01.2012


19.01.2012

ხობის მოსახლეობას ქრისტიან-დემოკრატები შეხვდნენ

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ბესო აფხაიძე დღეს ამავე მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის ოფისში მოსახლეობას შეხვდა. იგი მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ხობის მაცხოვრებლებმა ქრისტიან-დემოკრატთან შეხვედრაზე მესაქონლეობის, მეფრინველეობისა და მეფუტკრეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ქრისტიან-დემოკრატმა ბესო აფხაიძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მოძრაობა უახლოეს დღეებში ჩამოაყალიბებს ეკონომიკურ ჯგუფს, მოიწვევს ექსპერტებს და შეიმუშავებენ მოსახლეობის მიერ შემოთავაზებულ იდეებს, რის შემდეგაც შეიმუშავებენ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმას, რომელსაც საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებენ. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი იდეებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან და საინტერესო პროექტებს დააფინანსებენ“, განაცხადა ბესო აფხაიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

12.01.2012

ხობის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან რეორგანიზაციის მოტივით 21 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ბესიკ ნაჭყებიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მათგან 11 ადამიანი უკვე დააბრუნეს გამგეობის სხვადასხვა სამსახურში. „დანარჩენებსაც არ დავტოვებთ უმუშევრად“, ამბობს ბესიკ ნაჭყებია. მისივე თქმით, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეორგანიზაცია „არსებული რეალობის გათვალისწინებით და თანამშრომლების შრომის რაციონალურად განაწილების მიზნით მიმდინარეობს.“ ცნობისთვის ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაუქმდა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები და შეიქმნა ახალი, სამართლებრივი უზრუნველყოფის და ორგანიზაციულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილებები.

ხობის რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბილეთები აღარ იყიდება

ხობში სამგზავრო მატარებელზე ბილეთების გაყიდვის სააგენტო გაუქმდა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სხვადასხვა მიმართულების რეისებზე მატარებლის ბილეთების შეძენა, ამჟამად სენაკის ან ზუგდიდის რკინიგზის სალაროში უწევთ, რაც მათივე თქმით, ზედმეტი დროის და დამატებით 3 ლარის ხარჯვაა. რა მიზეზით გაუქმდა ბილეთების გაყიდვის სააგენტო, ამის შესახებ ხობის რკინიგზის სადგურის უფროსი რუბენ ვეკუა კომენტარს არ აკეთებს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტის როზეტა შულაიას თქმით, „მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს რკინიგზასთან აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე.“ ცნობისათვის, ხობის რკინიგზის სადგურზე ბილეთების გაყიდვის სააგენტო გასული წლის სექტემბერში სალაროს დახურვის შემდეგ გაიხსნა.