21.06.2012

შუა ქვალონის 60 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი [Video]


ხობის მუნიციპალიტეტის სოფლის შუა ქვალონის 60–მდე ოჯახს წლებია სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა დღემდე ჭის წყლით სარგებლობდა, რომელიც ცხელი ზაფხულის პირობებში შრება. დღეს კი ჭები ხობის მუნიციპალიტეტში გავრცელებული მატლით – „ოქროკუდათია“ სავსე და წყალიც სასმელად უვარგისია. ამიტომ შუა ქვალონის მოსახლეობა წყალს შორი მანძილიდან ეზიდება.

ადგილობივი მაცხოვრებლების თქმით, სოფელში ცენტრალური წყლის მაგისტრალი გადის, რითაც ფოთის მოსახლეობა მარაგდება, თავად კი წლებია წყალი არ მიეწოდებათ. მათ „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ–ერთი მოსახლის თქმით, უწყლობით შარშან და წელს მეზობლების მსაგვსად, მასაც საქონელი დაეხოცა.

შუა ქვალონის მცხოვრებლები მატლების გავრცელებასა და მცენარეების განადგურებაზეც საუბრობენ. მათი თქმით, შეწამვლითი სამუშაოების მიუხედავად არაფერი შეცვლილა.

„ლაივპრესს“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ განუცხადა, რომ წყლის პრობლემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. მისივე თქმით, ისინი ერთად განიხილავენ, როგორ მიაწოდონ 60 ოჯახს წყალი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელებულ მავნებლის საკითხს, გამგებლის თქმით, ისინი მოსახლეობას მცენარეების შესაწამლად ზურგსაკიდ აპარატებს ურიგებენ და ადგილობრივებს შხამ–ქიმიკატებითაც უზრუნველყოფენ. 


13.06.2012

გამყრელიძე: სოფლებს ვკარგავთ, რადგან ეს ტერიტორიები ახალგაზრდებისგან იცლება


13.06.2012

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გამყრელიძემ თორსის მოსახლეობას პარტიის პოლიტიკური ხედვა გააცნო, თუმცა დასძინა, რომ საარჩევნო პროგრამით ისინი ხობს აგვისტოს თვეში ეწვევიან. დავით გამყრელიძემ ასევე ისაუბრა სოფლის განვითარების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი 500 ტრაქტორი საკმარისი არ არის და საქართველოს დაახლოებით 5 000 ერთეული ტექნიკა სჭირდება მიწის დასამუშავებლად. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა პრეზიდენტს ტრაქტორების საწარმოს გახსნა შესთავაზა. დავით გამყრელიძე მოსახლეობას ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობასა და სოფლებში ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, „საქართველოს სოფლების 20% რუსეთმა მიითვისა. ჩვენ კიდევ დავკარგავთ სოფლებს, რადგან ეს ტერიტორიები ახალგაზრდებისგან იცლება“. დავით გამყრელიძე თორსადან სოფელ ხეთაში გაემგზავრება და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. იგი სამეგრელოში კვირის ბოლომდე დარჩება.

ახალი მემარჯვენეები ხობში

11.06.2012

„ოქროკუდა“ ხობში სიმინდის ყანებს შეესია


11.06.2012
ხობის მუნიციპალიტეტში დღეს მატლის ახალი სახეობის „ოქროკუდას“ გავრცელების მიზეზების და ვითარების გასარკვევად სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურაბ ბეჟაშვილი იმყოფებოდა. ორჯერ თერმული და შხამქიმიკატებით შეწამვლის მიუხედავად მატლმა ხილის ნარგავები და თხილი გაანადგურა და სიმინდის ყანებს მოედო. „ოქროკუდა“ ტყის მასივშია მომრავლებული და მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზეც ვრცელდება. მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა თხილის მოსავალი ვერ აიღოს. ზურაბ ბეჟაშვილის განცხადებით, ამ პირობების გათვალისწინებით სავარაუდოდ რუქაზე მონიშნავენ შესაწამლი ტყის მოცულობას და ავიაციას დაიხმარენ. ამ დრომდე მძიმე ვითარებაა ხობის მუნიციპალიტეტის ათ სოფელში. მოსახლეობა შესაწამლი აპარატის საშუალებით საკუთარ კარ–მიდამოს წამლავს. შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტში „ოქროკუდას“ სახეობის მატლი მაისის თვეში გავრცელდა.

01.06.2012

„ახალი მემარჯვენეების“ ხობის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ყავს

31.05.2012
„ახალი მემარჯვენების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებია დღეს  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მოსახლეობას შეხვდა და მათ პარტიის ხობის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, კახაბერ ლატარია წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე „ახალი მემარჯვენეების“ ბიუროს წევრი იყო. მანანა ნაჭყებიამ სოფლის მოსახლეობას განუცხადა, რომ მათთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ჯანდაცვა და განათლებაა, თუმცა მანანა ნაჭყებიას თქმით, ეს პარტიის საარჩევნო პროგრამა არ არის. მისივე განცხადებით, 22 ივნისს „ახალი მემარჯვენეები“ თბილისში განიხილავენ საკუთარ პროგრამას, მოგვიანებით კი მას ხობის მოსახლეობას გააცნობენ. მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ შიშის ფაქტორი არსებობს სამეგრელოში, განსაკუთრებით კი ხობში, ამიტომ აუცილებელია ამ შიშის გადალახვა. ნაჭყებიამ სოფლის მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინა, ამის შემდეგ კი ფოთში გაემგზავრა. პარტიის ლიდერი ხობში დღესვე დაბრუნდება და საღამოს 5 საათზე „ახალი მემარჯვენეების“ აქტივისტებს შეხვდება.