14.12.2012

ხობის გამგებლის მოვალეობას კახა ბენიძე შეასრულებს


ხობის მინიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას კახა ბენიძე შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ხობის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღეს, 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„ეს დიდი პასუხისმგებლობაა. არ იქნება ეს მარტივი საქმე. შემოვიკრებ პროფესიონალებს, გამოვიყენებ ადგილობრივ რესურს და იმედია ყველაფერი გამომივა“, – განაცხადა კახა ბენიძემ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ცვლილებები იქნება, მაგრამ არა მასშტაბური.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კახა ბენიძე 1974 წლის 9 აგვისტოს ხობში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადსხვა თანამდებობეზე ხობში.

ხობის ყოფილი გამგებელის, გოგა ღურწკაიას განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ 7 დეკემბერს დააკმაყოფილა იმავე დღეს ხმათა უმრავლესობით არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა ქარდავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით. ამავე კანონის, მეორე პუნქტის თანახმად, გამგებლის კანდიდატურა კონკურსის წესით ირჩევა. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

23.11.2012

ქვემო ქვალონის მოსახლეობა სოფლის რწმუნებულის გადადგომას მოითხოვს



23.11.2012
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის მოსახლეობამ, სოფლის რწმუნებულის, ელგუჯა ლაგვილავას გადადგომის მოთხოვნით დღეს, 23 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მკვიდრთა თქმით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან დღემდე ელგუჯა ლაგვილავა სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე იმყოფება. მოსახლეობამ აქციაზე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მათ სხვადასხვა პრობლემების შესახებ არაერთხელ აცნობეს რწმუნებულს, თუმცა ელგუჯა ლაგვილავას ეს მოთხოვნები ყურად არ უღია.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი სოფლის საძოვრებს ორი წელია სიმინდის მოსაყვანად ამუშავებენ, თუმცა რწმუნებულმა მათ განუცხადა, რომ ვერ ისარგებლებენ ამ მიწებით, რადგან ეს ტერიტორია ჰოლანდიელებმა შეიძინეს. სოფლის მკვიდრთა თქმით, ელგუჯა ლაგვილავასგან ამ შინაარსის პასუხი მას შემდეგ მიიღეს, რაც მას მიწების დარეგისტრირების თხოვნის შესახებ აუწყეს.

თავის მხრივ, ელგუჯა ლაგვილავამ , რომელიც აქციაზე იმყოფებოდა განაცხადა, რომ მიწების საკითხი მისი კომპეტენცია არ არის და სამინისტროს პრეროგატივაა.

ქვემო ქვალონის მოსახლეობამ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე უგზოობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით, სოფლის მხოლოდ რამდენიმე უბანში მოიხრეშა გზები. რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, სოფლის რწმუნებულმა მოსახლეობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე განუცხადა, რომ სამუშაოები არ ჩატარდება, რადგან აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მომხრეა.  

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათ პროტესტს შედეგი რ მოჰყვება, აქციებს მომავალშიც გამართავენ.

ხობისწყალში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა


23.11.2012

ხობში, მდინარე ხობისწყალში ცენტრალური ხიდის ქვეშ ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 1989 წელს დაბადებული ხობის მკვიდრი მარიამ შანგირაძეა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ ხობის სამაშველო სამსახურის უფროსმა, გოჩა არაჩემიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგონა სახლიდან შვიდი დღის წინ გავიდა, თუმცა მშობლებს იგი ნათესავის სახლში ეგულებოდათ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ მათი შვილი ახლობლებთან არ იმყოფებოდა, პოლიციას განცხადებით მიმართეს. გარდაცვალებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია. მარიამ შანგირაძის ცხედარი ამ დრომდე ზუგდიდის პროზექტურაში რჩება და მას ექსპერტიზა უტარდება.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი დღეს, 23 ნოემბერს დილით, მდინარე ხობისწყალში იპოვეს. 


15.11.2012

ყულევის ტერმინალის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს


15.11.2012

ყულევის ტერმინალის 33–მა თანამშრომელმა ტერმინალთან დღეს, 15 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შპს გლობალ „ოილთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმებიან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის სარკინიგზო ნავთობმცლელი ესტაკატა იჯარით გადაეცა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ იძულებით უხდებათ სამთვიანი ახალი ხელშკრულების გაფორმება. შიშობენ, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან თანამშრომლობას აღარ განაგრძობს და უსამსახუროდ დარჩებიან. აქციის მონაწილეებმა ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შენარჩუნება მოითხოვეს. 

მათ ასევე ტერმინალიდან დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება სურთ. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად რამდენიმე მათგანის ძველ პოზიციებზე დაბრუნებისა, დანარჩენების დაბრუნებაც ტერმინალთან შეკრებილების ერთ–ერთი მოთხოვნაა.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერდაძე. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულების თანახმად ტერმინალის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რომლითაც ისინი ძველი შეთანხმების საფუძველზე სარგებლობდნენ. აღნიშნული, მისივე განმარტებით გულისხმობს, რომ თუკი ტერმინალი მუშაობას შეწყვეტდა, თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებდნენ. ილია ვერდაძის თქმით, ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და აქციის მონაწილეების ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

თავის მხრივ, შპს გლობალ „ოილის“ დირექტორმა, გელა ხუნწარიამ განაცხადა, რომ ის თანამშრომლებს უკეთეს პირობებს სთავაზობს. აქციების ინიცირებაში  კი მისი თქმით, ძველი ხელისუფლების ხელი ურევია.

ტერმინალის თანამშრომლებმა კომპნიის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში ამბობენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

შეგახსენებთ, ყულევის ტერმინალის 200–მდე თანამშრომელმა გამაფრთხილებელი აქცია 10 ნოემბერს გამართა. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. მაშინ ტერმინალის თანამშრომლების პარალელურად, სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმაც მოაწყო  საპროტესტო აქცია. მათ ტერმინალზე ადგილობრივების დასაქმება მოითხოვეს. 

02.10.2012

ხობის საოლქო კომისიამ ორ უბანზე არასაკმარისი ბიულეტენების შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა



02.10.2012
ხობის #66–ე ოლქში დღეს, 2 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ცამეტივე წევრი ესწრებოდა. სხდომაზე განიხილეს ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივას“ საჩივარი, რომელიც #11 და #25–ე უბნებზე არასაკმარისი საარჩევნო ბიულეტენის აღმოჩენის ფაქტს შეეხებოდა. ამ მიზეზის საფუძველზე ორგანიზაციამ მოითხოვა პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დაკისრებოდა, თუმცა  საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომლის განხილვას არ ესწრებოდა თავად ორგანიზაციის წარმომადგენელი. #66–ე ოლქის თავმჯდომარემ, მინდია ლომაიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და საჩივრის შემომტანმა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს.

 დღეს გამართულ სხდომაზე ასევე განიხილეს 1 ოქტომბრის არჩევნები. ოლქის თავმჯდომარის ცნობით, შემაჯამებელი ოქმები რამდნიმე დღეში დაიდება.

01.10.2012

ხობში მმართველი პარტია და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს


ხობის  #66 საარჩევნო ოლქში, სადაც 32 უბანია და ამომრჩეველთა რაოდენობა 29 422–ს შეადგენს, 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე მონაწილეობა 18 643–მა მოქალაქემ მიიღო. ამ დროის მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია, რომელმაც 10 165 ხმა მიიღო, რაც 54,53%–ს შეადგენს. ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–მეტი სარგებელი ხალხს“ მაჟორიტარმა, გოდერძი ბუკიამ  10088 ხმა მიიღო. ეს 54,12%–ია.

რაც შეეხება ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“, ხმების რაოდენობა 6604-ით განისაზღვრა. ეს მონაცემი 35,42%–ია. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბუკიამ მიიღო კი  6422 ხმა, რამაც 35% შეადგინა.

დანარჩენ ამომრჩეველთა ხმები „გიორგი თარგამაძე–ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობაზე“, „ლეიბორისტულ პარტიაზე“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „თავისუფალ საქართველოზე“ გადანაწილდა.

ხობის #66 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, მინდია ლომაიას განცხადებით, საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა „ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ მიერ, რომელიც #11 და #25  უბნებზე არასაკმარისი რაოდენობის ბიულეტინის ფაქტს შეეხებოდა. მინდია ლომაიამ აღნიშნა, რომ სხვა უბნებზე მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა. 

21.08.2012

ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კვლავ გოდერძი ბუკიაა [Video]


     ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიბულაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ბუკია წარადგინა. დავით ბაქრაძემ ახალხიბულაში ძროხების ფერმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ მსგავსი ფერმები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, გოდერძი ბუკია კი მეცხოველეობის განვითარებას და ახალი ფერმების ამოქმედებას შეუწყობს ხელს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი ძირეული პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ხელმეორედ გამარჯვების შემთხვევაში ამ დარგის განვითარებაზე იზრუნებს.

    თავის მხრივ, გოდერძი ბუკიამ დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. მისი თქმით, ხობის ეკონომიკა დღეს ძლიერია, თუმცა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდება. ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, იგი ხობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე იზრუნებს.

ცნობისთვის, გოდერძი ბუკია სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.


ხობის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას სოფლის მეურნეობასა და მომავალ პროექტებზე ესაუბრა


ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, დღეს სოფელ გურიფულის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ხობში უახლოეს მომავალში განხორციელდება. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ხობში სულ მალე დაიწყება სიმინდის ქარხნის მშენებლობა, სადაც ზეთის წარმოება მოხდება. მისივე თქმით, ამ მშენებლობაზე 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო ქარხანის გახსნის შემდეგ შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი.


"შემოვა შვეიცარული კომპანია და გლეხს სიმინდის რეალიზაციაში აუცილებლად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ხალხი უნდა მოვამზადოთ ამ სამუშაო ადგილებისთვის. ისინი უნდა იყვნენ გადამზადებულები და სერთიფიცირებულები. ხობში სამუშაო ადგილის პრობლემა არ იქმნება" - აცხადებს გოდერძი ბუკია.

თავის მხრივ, გურიფულის მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვა.

ბუკიამ ადგლობრივებს განუმარტა, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 30 ათასი ლარი, ხოლო მომდევნო წელიწად-ნახევარში ხობში ყველა შიდა გზას მოაასფალტებენ.


ასევე, გოდერძი ბუკიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სოფელ პირველ მაისში მშენებარე მონასტრის კურთხევა, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში იგეგმება. მისივე თქმით, ეს იქნება ერთადერთი ადგილი დასავლეთ საქწართველოში, სადაც პატრიარქს რეზიდენცია ექნება.

17.08.2012

„მემარჯვენეების“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ხობის პრობლემებზე საუბრობს



17.08.2012
„მემარჯვენეების“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლატარიამ ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში დღეს ბრიფინგი გამართა. კახა ლატარიას თქმით, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს გზა, გაზი და სასმელი წყალი. „ერთ დღეში ვერ მოხდება ყველა სოფლის გზის შეკეთება, მაგრამ ხობის მუნიციპალიტეტში ერთი სოფლის გზაც არ არის მოწესრიგებული“. – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. მისივე თქმით, ხობის მუნიციპალიტეტის პრობლემების მოუგვარებლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და  ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას უმოქმედობის შედეგია. 

13.08.2012

გიგა ბუკიამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ხობში ოფიციალურად დაიწყო



13.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბუკიამ ოფიციალური საარჩევნო კამპანია ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ქალაქში ფლაერების დარიგებით დაიწყო.

„საინფორმაციო ბუკლეტებში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, ხობშიც მძიმე სოციალური და რეპრესიული მდგომარეობაა. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ კოალიციასთან ერთად გამარჯვებისთვის ბრძოლაში. ჩვენ არჩევნების გზით უნდა შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ინფორმაციით, ისინი აქციას სოფლებშიც გააგრძელებენ. 


12.08.2012

"ცოტნეობის" სადღესასწაულო წირვას პოლიტიკოსებიც დაესწრნენ


   
ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში, "ცოტნეობის" დღესასაწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა. წირვაზე მყოფმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბუკიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამჟამინდელი პარლამენტის წევრმა გოდერძი ბუკიამ, მონასტერში არსებულ დადიანების საძვალესთან სანთლები დაანთეს.


  წირვის დასრულების შემდეგ, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და მრევლს სიმშვიდისა და მითმინებისაკენ მოუწოდა.

ხობში საარჩევნო უბნების მისამართები დაზუსტდა


ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების საზღვრები და მასში შემავალი შენობა – ნაგებობების ნუსხა დააზუსტა. ამის შესახებ დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის მორიგ სხდომაზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა ოპოზიციური პარტიებიდან კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა კახა ბენიძემ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრმა შორენა ცქირიამ, თუმცა რა იყო მათი გადაწყვეტილების მიზეზი, ამის შესახებ საოლქო კომისიის წევრებმა „ლაივპრესს“კომენტარზე უარი განუცხადეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა ლომაიას თქმით, საარჩევნო ოლქში 32 საარჩევნო უბანია. თითოეულ უბანზე, ამომრჩეველთა რაოდენობა 1500 – ს არ უნდა აღემატებოდეს. მისივე ცნობით, ხობში 29 ათას 497 ამომრჩეველია. სიების დაზუსტების პროცესი 28 აგვისტომდე გაგრძელდება.


ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა 16 აგვისტოს გაიმართება.

08.08.2012

აგვისტოს ომის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ხობშიც მიმდინარეობს

ხობში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული 9 დაღუპული, 7 რეზერვისტი, პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ პატივი მიაგო მათ ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საღამოს თეატრის წინ დამონტაჟდება ეკრანი და ომის დროს ხობში განვითარებული მოვლენების შესახებ ვიდეომასალას წარმოადგენენ, სადაც მოქალაქეები ანთებული სანთლებით ხელში შეიკრიბებიან. ასევე ხობში აგვისტოს ომის კვირეულის ფარგლებში დაღუპული რეზერვისტის, გოგა ჭითანავას სახელობის ტურნირი მიმდინარეობს ფეხბურთში, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება.

06.08.2012

21 წლის ვასიკო ბუკია კოლხეთის დასახლებაში იპოვეს

21 წლის ვასიკო ბუკია, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამაშველო ჯგუფები მდინარე ხობისწყალში დღეს დილიდან ეძებდნენ, ხობის მუნიციპალიტეტის კოლხეთის დასახლებაში იპოვეს. ახალგაზრდა ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსმა, გოჩა არაჩემიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ვასიკო ბუკიამ დღეს 04:55 საათზე თავად დაურეკა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, „112“- ს და განაცხადა, რომ თვითმკვლელობის მიზნით მდინარეში გადახტომას აპირებდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს მდინარე ხობისწყალის ხიდთან ახალგაზრდას ტანსაცმელი დახვდათ, რის შემდეგაც ხობის სამაშველო სამსახურმა მდინარეში დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო სამუშაოები. გოჩა არაჩემიას თქმით, ადგილზე მუშაობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამაშველო ჯგუფებიც. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი პოლიცია. გოჩა არაჩემიას თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიზნით მოატყუა 21 წლის ვასიკო ბუკიამ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

ხობისწყალში 21 წლის მამაკაცს ეძებენ

06.08.2012
ხობის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის ჯგუფები მდინარე ხობისწყალში 21 წლის ვასიკო ბუკიას ეძებენ. „ლაივპრესის“ კორესპონდენტი ხობიდან იუწყება, რომ ვასიკო ბუკიას ტანსაცმელი დღეს დილით მდინარე ხობისწყალის ხიდთან იპოვეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურმა სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

05.08.2012

გიგა ბუკია სახელმწიფომ 190 ათასი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა.


პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხობში, გიგა ბუკია სახელმწიფომ 190 ათასი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა.

”სამი თვის წინ 35 ათასი ლარი კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე ჩავრიცხე, რათა კოალიციას მოხმარებოდა. კონტროლის პალატამ მოწმის სტატუსით დამიბარა და განმარტება მომთხოვა, თუ საიდან მოვიტანე აღნიშნული თანხა. სიტყვიერად ავუხსენი, რომ მაქვს გახსნილი საკრედიტო ხაზი საქართველოს ბანკთან, საიდანაც პირდაპირ გადავრიცხე ეს თანხა”, უთხრა “ლაივპრესს” გიგა ბუკიამ.

კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ის მზად იყო, თუ კი დაინტერესდებოდნენ, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის სახით წარედგინა მათთვის, რა ქონებას ფლობდა. გიგა ბუკია ამბობს, რომ მას შემდეგ კონტროლის პალატაში არ დაუბარებიათ, თუმცა ამ ორგანოს საჩივარის შესახებ შესაბამისი უწყება სასამართლოდან მიიღო. საჩივრის მიხედვით, გიგა ბუკია განმარტავს, რომ მას შემოსავალი არ აქვს, ამიტომაც გაურკვეველია “კონსერვატიული პარტიის” ანგარიშზე ჩარიცხული 35 000 ლარის წარმომავლობა.

“სასამართლოზე წარვადგინე 200 ათასი ლარის თანხის ნოტარიუსით დადასტურებელი დოკუმენტები. მოსამართლემ მე და ჩემს ადვოკატს მოგვცა მხოლოდ 7 წუთი. არაფერი უკითხავთ და ისე გამომიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. 167 ათასი ლარით დამაჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე და იქაც არ დააკმაყოფილეს. საბოლოო ჯამში ჯარიმამ 190 ათასი ლარი შეადგინა”, უთხრა “ლაივპრესს” გიგა ბუკიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მან დოკუმენტები სტრასბურგის სასამართლოს უკვე წარუდგინა. მანვე განმარტა, რომ სახელმწიფომ ქონება დაუყადაღა და აუქციოზე სახლი 313 740 ლარად გაიყიდა, ეს თანხა ჯარიმის ოდენობას ბევრად აღემატება., აღნიშნა გიგა ბუკიამ. იგი დარჩენილი 120 000 ლარის კოალიციის ანგარიშზე გადარიცხვას ითხოვს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ლაივპრესს” უთხრა, რომ მისი საქმის შესახებ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე იციან.

ხობში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

05.08.2012
ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლომაიამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ პირველი სხდომა დღეს გამართა.

სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის, ამომრჩეველთა რაოდენობის, საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო უბნებზე მოქმედ ცვლილებებზე ისაუბრეს.

მამუკა ლომაიას თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში 7 აგვისტომდე უნდა დაასახელონ. ხობის მუნიციპალიტეტში სულ 32 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი ბოლო მონაცემებით არის 29 532.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სიების დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს. დღის წესრიგით განსაზღვრული პირველი საკითხი, საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის შესახებ ერთხმად დამტკიცდა და ვადა საამისოდ 10 აგვისტომდე განისაზღვრა.

მამუკა ლომაიამ სხდომაზე შეკრებილებს ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო. მან პარტიის წევრებს განუმარტა, თავი აარიდონ პარტიის შტაბებსა და მიტინგებზე სიარულს. უბანში კონკრეტული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ აუცილებლად დაუკავშირდებიან. ლომაიამ მოუწოდა პარტიებს, ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის 5 მუდმივი და სამი პარტიის თითო წარმომადგენელი, სულ 8 წევრი ესწრებოდა.

09.07.2012

სახელმწიფო პროექტით დაზარალებული პატარა ფოთის მოსახლეობა [Video]


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის მოსახლეობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას სენაკი-ფოთის მაგისტრლური მილსადენის მშენებლობისას საკუთრების უფლების დარღვევაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს კი მიკერძოებაში ადანაშაულებს.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ეზოებში გაზსადენი მილების გაყვანის შემდეგ 15 ოჯახი მწვანე ნარგავების გარეშე დარჩა, გადათხრილ ადგილებს კი სახნავსათესად ვერ იყენებენ. ადგილობრივების განმარტებით, მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გაზის კორპორაციამ მოსახლეობის ნაწილს მიზერული ფულადი კომპენსაცია გადაუხადა, ნაწილს კი დღემდე არაფერი მიუღია.

პატარა ფოთის მკვიდრის, ნარგიზა ჯანჯღავას თქმით, ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათთვის სასურველ კომპენსაციასათან ერთად ოჯახებში გაზსაც შეიყვანდნენ. მისი თქმით, კორპორაციას ეს შეთანხმება არ შეუსრულებია. ნარგიზა ჯანჯღავა ამბობს, რომ კორპორაციამ მისი და მისი შვილის ოჯახი თანაბრად დააზარალა.

მაგათ როგორც უნდოდათ ისე კააგეთეს ყველაფერი. ჩემ სიტყვას არანაირი რეაგირება არ ჰქონია მაგათ წინაშე. მე ვთვლი, რომ დარღვეულია ჩემი უფლებები. ორივე ოჯახში გადათხრილია თხილნარი და რომ ვთქვი კომპენსაციაზე, თქვენო ბევრი ფული გინდათო“, – ამბობს ნარგიზა ჯანჯღავა, რომელმაც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის წინააღმდეგ სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მოგვიანებით სასამართლომ დავა კორპორაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ჯანჯღავების მსგავსად, კორპორაციის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამენ მისი მეზობლებიც. ერთერთი მათგანი, ლია რუხაია ამბობს, რომ ადგილობრივებმა კორპორაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წაუკითხავად მოაწერეს ხელი და საბოლოო ჯამში მოტყუებული დარჩნენ.

დაუკითხავად შემოვიდნენ და ყველას მოგვაწერინეს ხელი რაღაც საბუთებზე. ყველანაირად დაგეხმარებით, გაზიც სოფლისთვის იქნებაო. ისე გვითხრეს, რომ ჩვენც დავიჯერეთ და ყველამ ვეცადეთ, ჩავრთულიყავით გაზის შემოყვანაში“, – ამბობს ლია რუხაია.

თავის მხრივ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სმსახურის უფროსი, თამარ შოშიაშვილილაივპრესათანსაუბარში აცხადებს, რომ პატარა ფოთში სამუშაოები კანონის სრული დაცვით განხორციელდა. მისი განმარტებით, აქ მოსახლეობა ორ კატეგორიად იყოფა. პირველი ნაწილი, რომელმაც კორპორაციასთან სერვიტუტის ხელშეკრულება გააფორმა (სერვიტუტი: სხვისი მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აკრძალოს ამ ნაკვეთზე მესაკუთრის მიერ ზოგიერთი მოქმედების განხორციელება. ავტ.) და მეორე ნაწილი, რომლებმაც ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადეს.

სერვიტუტის ხელშეკრულება ვინც გააფორმა იმათ ჩვენ ექსპერტიზის ბიუროს მიერ  დადგენილი კომპენსაციები გადავუხადეთ. რაც შეეხება მოსახლეობის მეორე კატეგორიას, რომლებმაც ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვეს და წავიდნენ სასამართლოში, ანუ დაიწყეს ჩივილი, სასამართლომ ჩვენ უფლება მოგვცა, ამ სახელმწიფო პროექტისთვის დროებით გამოგვეყენებინა მათი მიწები, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან დაუბრუნდებოდა მესაკუთრეს. სასამართლოს გადაწყვეტლების თანახმად, კორპორაციას მოსახლეობის ამ ნაწილისთვის კონპენსაცია არ გადაუხდია“, – განაცხადა თამარ შოშიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მათ ვისაც ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებამდე ჰქონდათ გაფორმებული, მიყენებული ზარალის მიხედვით სხვადსხვა ოდენობის კომპენსაცია მიიღეს. გარკვეული თანხა, რომელსაც კორპორაციის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, დაზარალებულებმა ორი წლის განმვლობაში მიიღეს. რაც შეეხება პატარა ფოთის გაზიფიცირების საკითხს, თამარ შოშიაშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამის, „გაზი ყველა ოჯახსფარგლებში კორპორაციის ვალდებულებაა ქალაქებში მაღალი წნევის გაზსადენი მილების გაყვანა, შიდა გამანაწილებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი კი ადგილობრივი თვითმმართველობა და კომპანიასოკარია“.


ხობის მუნიციპაიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ანტონ ვარდიალაივპრესთანსაუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან დავალებები უკვე მიიღეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდება ამ კომპანიის წარმომადგენლებს და დაისმევა საკითხი, რომ სოფელი პატარა ფოთიც ჩაერთოს იმ სამი სოფლის სიაში, სადაც უახლოეს ხანში გათვალისწინებულია გაზიფიცირების საკითხი“, – განაცხადა ანტონ ვარდიამ.

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ პატარა ფოთში სარემონტო სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა. კორპორაციის ვებგვერდის ცნობით, სენაკიფოთის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აღმოსავლეთდასვლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროგრამის 1 ეტაპის ფარგლებში განხორციელდა. 700 მმიანი, დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის მიზანი იყო ფოთის გაზიფიცირება. მშენებლობისთვის საჭირო 115 მილიონი დოლარი, ამერიკის განვითარების სააგენტომ USAID–მა გრანტის სახით გამოყო. საპროექტო სამუშაოების თანხები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.